ეს განაცხადი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არ მოიაზრებს ამ ხელისუფლებას, როგორც საკუთარ პარტნიორს, პარტნიორად მოიაზრებს ქართველ ხალხს და მიაჩნია, რომ უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხი, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში” განაცხადა. სამადაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის პრესსამსახურის ოფისის განცხადებას, რომ ევროკავშირმა შეაჩერა პროგრამები, რომლებსაც პირდაპირი სარგებელი მოჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუმცა ისინი არ აპირებენ Erasmus+ მობილობის და გაცვლითი პროგრამების შეწყვეტას საქართველოსთან.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, საერთოდ ჩაეხსნას ევროკავშირი საქართველოს, „ხელი დაიბანოს” არასამთავრობო სექტორის დახმარებაზე, მედიის დახმარებაზე და უბრალოდ, ქვეყანა ჩაიკეტოს ევროპისთვის.
„ევროკავშირის დამოკიდებულებაში ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მტკიცდება ამ ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა. ეს განაცხადი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირი არ მოიაზრებს ამ ხელისუფლებას, როგორც საკუთარ პარტნიორს, პარტნიორად მოიაზრებს ქართველ ხალხს და მიაჩნია, რომ უნდა გააძლიეროს ქართველი ხალხი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს, სხვათა შორის, იცის “ქართულმა ოცნებამ” და რუსებმა მისცეს კიდევაც ინსტრუქცია, როგორ უნდა მოემზადონ ამისთვის იმიტომ, რომ ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიღებასაც ეს რუსული, არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს, ფაქტობრივად, მოტივაცია არის, რომ ხელი შეუშალონ სწორედ იმ დახმარების ათვისებას, რომელიც ქართველი ხალხისთვის არის განსაზღვრული. ესენი ახლა ცდილობენ, რომ მაქსიმალურად ჩახერგონ ეს გზაც და აქ რამე ახალსაც არ იგონებენ იმიტომ, რომ ეს გზა გავლილი აქვს რუსეთსაც, ბელარუსსაც და იქიდან იღებენ შესაბამის ინსტრუქციებს. განსხვავება ის არის, რომ ქართველი ხალხი არ ეგუება ამას და ამ ყველაფერს ვხედავთ მუდმივ პროტესტში, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. არ ეგუება ამას არც ოპოზიციური სპექტრი, არც არასამთავრობო სექტორი და ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ დავთმოთ ეს ქვეყანა იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ამოცანა არის, საერთოდ ჩაეხსნას ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას, „ხელი დაიბანოს“ საერთოდ საქართველოზე, არასამთავრობო სექტორის დახმარებაზე, მედიის დახმარებაზე და უბრალოდ, ჩაიკეტოს ჩვენი ქვეყანა ევროპისთვის.
ევროკავშირის განცხადება ადასტურებს, რომ ისინი არ აპირებენ, შეასრულონ ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დაკვეთა და, მათ შორის, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ, რომ საქართველო არ “ჩამოწერონ”, ხელისუფლებაზე გაიზარდოს ზეწოლა და გაიზარდოს დახმარება ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
კითხვაზე, რას აპირებს ოპოზიცია და რა გეგმა აქვს ამ მოცემულობაში, სამადაშვილმა უპასუხა, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება და ეს არის მისი ამოცანა.
„ჩვენ ვაკეთებთ იმას, რაც არის ჩვენი ფუნქცია – ეს არის, მაქსიმალურად ვიმუშაოთ იმაზე, რომ გაიზარდოს ჩვენს მიმართ ნდობა ადამიანების მხრიდან, როგორც ჩვენი პოლიტიკური ძალის, ამიტომ არის, რომ კოალიცია “ძლიერი საქართველო” აქტიურად არის ჩართული ყველა პროცესში, რაც საზოგადოებისთვის დღეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის საკმაოდ მრავალფეროვანი სპექტრი. აქციებში ჩვენი ჩართულობა არის ძალიან აქტიური, ახლა სპეციალური შტაბი გავხსენით გურიასა და იმერეთში, პრობლემების დაწყებიდან მალევე, რაც ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება, რადგან ნორმალურ ქვეყნებში ოპოზიციას არ უწევს იმ საქმის კეთება, რასაც უნდა აკეთებდეს მთავრობა, რომელსაც გადასახადებიდან ბიუჯეტი იმიტომ მიაქვს, რომ ხალხს ემსახუროს, მაგრამ როდესაც კორუმპირებული რუსული რეჟიმი გყავს და ადამიანები მიტოვებულები არიან, ჩვენ ვიღებთ საკუთარ თავზე ისეთ ფუნქციებს, რომელსაც ადგილობრივი ადმინისტრაცია უნდა ასრულებდეს.
ჩვენ ასევე ვმუშაობთ საერთაშორისო ასპარეზზე, სხვა პარტიებთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიზანმიმართულად ვახორციელებთ იმას, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს, ჩანიშნოს ახალი არჩევნები. აქ ორი მნიშვნელოვანი კომპონენტია – ერთი, სადაც ერთობლივი ძალისხმევით და, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის თანამონაწილეობით ჩვენ მივაღწიეთ საკმაოდ დიდ წარმატებას და ეს არის არაღიარების ჩარჩოს შექმნა ივანიშვილის მიმართ და ის საერთაშორისო წნეხი, რაც საჭიროა, იქმნება სწორედ პოლიტიკური აქტორების, მათ შორის, ჩვენი ძლიერი თანამონაწილეობით და მეორეს მხრივ, არსებობს საზოგადოების შეურიგებლობა და პროტესტი, სადაც ასევე აქტიურად ვართ ჩართული შესაბამის პროცესებში.
ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის, ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ ჩვენ ვიყოთ მზად არჩევნებისთვის”, – განაცხადა სამადაშვილმა.
