„ქართული ოცნება“ ჩქარობს, რადგან უნდა პროტესტი მანამდე ჩაახშოს, სანამ სანქციები დაწესდება და პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში გადაიზრდება – გაზაფხულზე პროტესტი უფრო ხალხმრავალი გახდება, თუმცა რეალური გარდატეხა არ იქნება, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
“გაზაფხულზე პოზიტიური მოლოდინი მეც მაქვს, თუმცა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ამ მძიმე პერიოდს გადავაგორებთ, დაიკლებს შანსი იმის, რომ პროტესტი შეწყდეს ან განულდეს და არა იმისა, რომ რაღაც გარდატეხა შეიძლება მოიტანოს გაზაფხულმა ამ პროცესში. დარწმუნებული ვარ, უფრო ხალხმრავალი გახდება პროტესტი. ეს გარკვეულწილად იქნება გაგრძელება იმისა, რაც დღეს არის. თუმცა ეს რეალური გარდატეხა არ იქნება. დღეს ქვეყანაში გარკვეულწილად პატური სიტუაცია: ოპოზიცია ვერ აიძულებს ხელისუფლებას, რომ რიგგარეშე არჩევნებზე წავიდეს, მაგრამ ვერც ხელისუფლება ახერხებს იმას, რომ პროტესტის, მინიმუმ გამოხატული ტალღა, რაც რუსთაველზე ხდება, შეაჩეროს ან რაღაც მოუხერხოს, მიუხედავად იმისა, რომ დაიწყო დარბევებით, შემდეგ თავის ნებაზე მიუშვა, შემდეგ ფინანსური სანქციები გაამკაცრა, ახალი კანონები შემოაქვს, ხელისუფლება რეპრესიულ ბადეს კი ქსოვს, მაგრამ რამდენად შეძლებს ამ მექანიზმებით პროტესტის განეიტრალებას, საკითხავი ესაა.
“ქართული ოცნება“ ჩქარობს და ჩქარობს იმიტომ, რომ უნდა, პროტესტი მანამდე ჩაახშოს, სანამ სანქციები დაწესდება და სანამ, პოლიტიკური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში არ გადაზრდილა. ამის საფრთხეა, ამას ხედავს ხელისუფლება და ცდილობს, რაც შეიძლება ჩქარა მოახერხოს ამ პროტესტის ჩახშობა, რაც შეეხება იმას, რამდენად შეძლებს ამას, ვფიქრობ, ეს არც ისე შესაძლებელია“, – განაცხადა ძაბირაძემ.