სერგი კაპანაძე – თუნდაც „ქართული ოცნების“ ბუნდღა აღარ იყოს, როგორ უნდა გამოასწორო ევროკავშირთან ურთიერთობა? დაკარგული ნდობა და რესურსი როგორ უნდა დაიბრუნო უკან?

თუნდაც ამათი ბუნდღა აღარ იყოს, არ ვიცი, მერე როგორ უნდა გამოასწორო არსებული მდგომარეობა ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ნდობა და დაკარგული რესურსი, როგორ უნდა დაიბრუნო უკან. მე ჩემი გამოცდილება არ მყოფნის ამის ასახსნელად, – ამის შესახებ „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ დისკუსიაზე, სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?“ გამოსვლისას განაცხადა.
ღონისძიებაზე, რომელიც მხარდაჭერილია ევროკავშირის მიერ, მსჯელობა შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს. სერგი კაპანაძის თქმით, „კიდევ ბევრი რამე შეიძლება გაფუჭდეს ევროკავშირთან“. მისი თქმით, ქვეყანაში დიქტატურა მყარდება.
„[ქართულ ოცნებას] ახლა დაანონსებული აქვს ე.წ ფარას გადმოტანა, რაც უნდა ვაღიაროთ, რომ შეუძლებელს გახდის აქ არასამთავრობო სექტორის არსებობას. ეს არ იქნება ის რეალობა, რომელშიც გამოსაძრომს იპოვი, თუ შეურიგდები და იმუშავებ – არა, უბრალოდ, ამ ქვეყანაში შეუძლებელი იქნება ორგანიზაციების ფუნქციონირება, თუ რა თქმა უნდა, ეს არ იქნება მთავრობასთან შეთანხმებული“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ არ არის გამორიცხული, გაჩნდნენ ორგანიზაციები, რომლებიც „ამ ყველაფერს თავს დაუქნევენ“.
მისი აზრით, არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანაში მყოფ დონორ ორგანიზაციებთან დაკავშირებითაც შეზღუდონ დაფინანსების წესები და ასევე, არ არის გამორიცხული, ეს მალე მოხდეს. სერგი კაპანაძის თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი შემოსავლის წყარო უბრალოდ გაქრება იმ დემოკრატიული აქტორებისთვის, რომლებიც აუცილებელია იყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში.
კიდევ ერთი საკითხი, რაზეც სერგი კაპანაძემ დისკუსიისას ისაუბრა, ეხებოდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საფრთხის ქვეშ დაყენებას. მისი თქმით, „კიდევ ბევრი რამე შეიძლება გაფუჭდეს ევროკავშირთან“.
„ევროკავშირთან, რაც არის კიდევ გაფუჭებადი და მოსწრებადი, ესაა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. მე მგონია, რომ ჩვენ ძალიან ახლოს ვართ უვიზო რეჟიმის დაკარგვასთან იმ უბრალო, მარტივი მიზეზის გამო, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვას კონსენსუსი არ სჭირდება ევროკავშირში და თუ აქ კიდევ უფრო მეტი „წითელი ხაზი“ გადაილახა, უბრალოდ, მათ ხელთ არსებული დასჯის ინსტრუმენტი სხვა არაფერი იქნება, თუ არა ეს. თუმცა, ამის გარდა უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო იმ მოთხოვნებს, რომელიც უვიზო რეჟიმის შესანარჩუნებლად არის საჭირო, არ ასრულებს და აქამდე პოლიტიკურ ნებაზე იყო დამოკიდებული. თუ თან გყავს ქვეყანა, მთავრობა, რომელიც სხვა მხარეს მიდის და მოთხოვნებს არ ასრულებს, რა თქმა უნდა, ამის დაკარგვა ძალიან მარტივია.
ამ ტრაექტორიაზე შეუძლებელია ნორმალური ინსტრუმენტები შეინარჩუნონ. ამ სცენარიდან არის იმ შესაძლებლობების დაკარგვა, რომელიც ჩვენსა და ევროკავშირის სამეცნიერო-საგანმანათლებლო ურთიერთობებს უკავშირდება, იმიტომ, რომ ჩვენ ასევე გვგონია, რომ რაღაცნაირად გარანტირებული გვაქვს „ერასმუსი“, სტუდენტების გაცვლა და ა.შ. – ესენი არის პირდაპირ პროპორციული და პირდაპირ ბმაში იმასთან, რა პოლიტიკური ურთიერთობაც გვაქვს ევროკავშირთან. ანუ მე არ წარმომიდგენია ქვეყანა, რომელსაც მაგალითად, ასოცირება ექნება შეჩერებული, სანქციების ქვეშ იქნება, უვიზო არ ექნება და თან „ჰორიზონტის პროგრამა“ ექნება, რომლითაც მეცნიერები დაფინანსდებიან და მაღალი დონის გაცვლითი პროგრამები ექნებათ. ანუ ეს შეიძლება თეორიულად მოხდეს, მაგრამ ურთიერთგამომრიცხავი და კონტექსტიდან ამოგდებული იქნება“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
„ქორთიარდ მარიოტში“ ევროკავშირის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა სახელწოდებით „საქართველო და ევროკავშირი: ახლა საით?. დისკუსიის ორგანიზატორი იყო „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“.