რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით უკრაინაზე იერიში მიიტანეს 28 თებერვალსაც.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს სხვადასხვა ტიპის 208 დრონი.
სარდლობის თანახმად, უკრაინის საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 107 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ხარკოვის, პოლტავის, სუმის, კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, ვინიცის, ჟიტომირის, კიროვოგრადის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის და ნიკოლაევის ოლქებში, ხოლო 97 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა კონკრეტული შედეგების დასახელების გარეშე აცხადებს, რომ დაზარალდნენ ხარკოვის, სუმის, ნიკოლაევის და ზაპოროჟიეს ოლქები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზაპოროჟიეში რუსულმა დრონმა დააზიანა მრავალბინიანი სახლი, დაშავდა ერთი ადამიანი. ნიკოლაევის საოლქო-სამხედრო ადმინისტარციის ცნობით, დაზიანებულია სასაწყობე შენობები.
უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად ელექტროენერგიის ე.წ. საგანგებო წესით გათიშვა დასჭირდათ დნეპროპეტროვსკის და დონეცკის ოლქებში. რომელ ობიექტებზე იყო შეტევა კომპანია არ აკონკრეტებს.
