გლობალური ვალი, მათ შორის მთავრობების, შინამეურნეობების, ფინანსური და არაფინანსური კომპანიების ვალდებულებები, 2024 წელს გაიზარდა 7,2 ტრილიონი დოლარით და რეკორდულ ნიშნულს 318,4 ტრილიონ დოლარს მიაღწია – მონაცემებს საერთაშორისო ფინანსების ინსტიტუტი (IIF) აქვეყნებს.
IIF-მა აღნიშნა, რომ ზრდა მნიშვნელოვნად დაბალი იყო, ვიდრე 2023 წელს, როდესაც ვალი გაიზარდა 16 ტრილიონი დოლარით აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის ფულად–საკრედიტო პოლიტიკის გამო.
გასულ წელს გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელების გამო, ვალის მშპ-სთან თანაფარდობა 1,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 328%-ს მიაღწია. ინდიკატორის ზრდა პირველად ოთხი წლის განმავლობაში, ანუ COVID-19 პანდემიის შემდეგ დაფიქსირდა.
2024 წელს გლობალური ვალის ზრდის დაახლოებით 65% განვითარებად ბაზრებზე იყო – პირველ რიგში ჩინეთი, ინდოეთი, საუდის არაბეთი და თურქეთი.განვითარებულ ბაზრებზე ვალის დაგროვება ძირითადად მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოში, კანადასა და შვედეთში.
ვალების ზრდის თითქმის ორი მესამედი სახელმწიფო სექტორზე იყო. გლობალურმა სახელმწიფო ვალმა გადააჭარბა 95,3 ტრილიონ აშშ დოლარს, 2019 წლის პანდემიამდე 70 ტრილიონ დოლართან შედარებით.
IIF პროგნოზირებს, რომ გლობალური სახელმწიფო ვალი 2025 წელს 5 ტრილიონ დოლარზე მეტით გაიზრდება, ძირითადად შეერთებული შტატების, ჩინეთის, ინდოეთის, საფრანგეთისა და ბრაზილიის გაზრდილი სესხების გამო.
განვითარებადი ბაზრის ქვეყნებში ვალის მთლიანი მოცულობა 2024 წელს გაიზარდა 4,5 ტრილიონი დოლარით და მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს – მშპ-ს 245%-ს . ამ ქვეყნებმა წელს რეკორდული 8,2 ტრილიონი დოლარის ვალი უნდა დაფარონ, ამ ვალის დაახლოებით 10% უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული.
„ჩვენ ველოდებით გლობალური ვალის დაგროვების ტემპის შემდგომ შენელებას, განსაკუთრებით 2025 წლის პირველ ნახევარში“, – ნათქვამია ანგარიშში. – რადგან გლობალური ეკონომიკური პოლიტიკის გაურკვევლობა რეკორდულად მაღალ დონეს აღწევს – უფრო მაღალს, ვიდრე პანდემიის პიკზე ფიქსირდებოდა, ხოლო სესხის ხარჯები კვლავ მაღალია, მსესხებლების უფრო ფრთხილი პოზიცია, სავარაუდოდ, შეზღუდავს კერძო სექტორის მოთხოვნას სესხებზე“.
წყარო: interfax
