“საჰაერო გადაზიდვები, ძირითადად, Temu-ს ხარჯზე გაიზარდა”, – აცხადებს “სქაი ლოგის მმართველი პარტნიორი”. გიორგი ზუმბაძე BMG-სთან აღნიშნავს, რომ 2 268,286 ტონა ტვირთიდან უმრავლესობა ტრანზიტი იყო.
საქმე ის არის, რომ “ავიანიუსის” ინფორმაციით, საქართველოში საჰაერო გადაზიდვა წლიურად გაიზარდა. იანვარში ტვირთის მოცულობამ 2 268,286 ტონა შეადგინა. ზრდა 51%-ია. როგორც გამოცემა წერს, გასულ თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, ყველაზე მეტი, 492,611 ტონა ტვირთი Turkish Cargo-მ გადაზიდა. მეორე ადგილზე ჩინური YTO Cargo Airlines-ია. სამეულს ქართული სატვირთო ავიაკომპანია GeoSky ხურავს.
“ის საჰაერო ტვირთნაკადი, რომლის სტატისტიკა ფიქსირდება, ორი ნაწილისგან შედგება. ის, რაც მოდის ან მიდის საქართველოდან და ის, რაც აზიიდან მიდის ევროპის გავლით. ბოლო ერთი წელიწადია, ტვირთის სახეობა შეიცვალა. გადაზიდვები, რომლებიც ონლაინ ვაჭრობის დროს ყოველთვის ხდებოდა, საგრძნობლად გაიზარდა – Temu-ს პლატფორმის გაძლიერების შემდეგ. მთელი ბუმი იყო ევროპის მიმართულებით. საქართველოში თითქმის ყოველდღე 27-ტონიანი თვითმფრინავები დაფრინავდა, განსაკუთრებით, წინასაახალწლოდ”, – განაცხადა გიორგი ზუმბაძემ.
