„ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავაში კიდევ ერთი ადვოკატი შეცვალა.
IPN-ის ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ლაშა კალანდაძე ნიკოლოზ გულუამ ჩაანაცვლა.
„Credit Suisse-თან დავაში, რომელიც მიმდინარეობს დიდი ბრიტანეთის სასამართლოში, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იცავენ ლონდონელი იურისტები.
საქართველოში აღნიშნულ საქმეზე ლონდონელ იურისტებს კოორდინაციას უწევდა ადვოკატი ლაშა კალანდაძე, რომელიც ჩაანაცვლა ადვოკატმა ნიკოლოზ გულუამ“, – ვკითხულობთ IPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თავის მხრივ, ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატად მას შემდეგ გამოჩნდა, რაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა 2023 წლის მარტში ურთიერთობა გაწყვიტა იურიდიულ ფირმასთან – „ემ ქეი დი“ – რომლის უფროსი პარტნიორიც ვიქტორ ყიფიანია. ივანიშვილის საქმეს იურიდიულ ფირმაში სწორედ ვიქტორ ყიფიანი კურირებდა და იცავდა მის ინტერესებს შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან დავაში.
ვიქტორ ყიფიანთან ურთიერთობის გაწყვეტას წინ უძღოდა მის მიერ „ქართული ოცნების“ გუნდის გაკრიტიკება რუსული კანონის გამო. „ქართული ოცნების“ იმჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ რუსული კანონი ვიქტორ ყიფიანზეც გავრცელდებოდა, როგორც უცხოური გავლენის აგენტზეც და ამიტომ ეს იყო „ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც ის ძალიან სწრაფად ჩაერთო პოლიტიკაში“.
„ჩემი ინფორმაციით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო კონკრეტული მიზეზების გამო მისი გათავისუფლება ადვოკატის პოზიციიდან… როდესაც ხარ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი და ამავდროულად ხდები უცხოური გავლენის აგენტი, ეს ყველაფერი თავისთავად ნიშნავს, რომ ასეთი დამოკიდებულებით პრემიერი ვერასდროს გახდები“, – აცხადებდა ირაკლი კობახიძე ვიქტორ ყიფიანზე.
· ყიფიანის გათავისუფლება ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო — კობახიძე
