მომდევნო დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„28 თებერვალს და 1-2 მარტს, ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება: დასავლეთ საქართველოს დაბლობში -5, -10 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე.
დასავლეთ საქართველოს გზებზე ნარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან ზონაში-ზვავსაშიშროება.
საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე არსებული დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის -5, -10 გრადუსამდე დაწევამ შესაძლებელია ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს (საფრთხის დონე მაღალი)“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
დასავლეთ საქართველოში უკვე კვირაზე მეტია, რაც თოვს. რამდენიმედღიან დიდთოვლობას უკვე მოჰყვა მსხვერპლი. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა გურიაში, იმერეთსა და აჭარაში. იმის გამო, რომ დიდთოვლობამ შეაფერხა ტრანსპორტის გადაადგილება, ადგილზე შეზღუდულია სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების ბრიგადების მოძრაობაც. მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი. ოჯახებს ელევათ ან უკვე გამოელიათ საკვების მარაგი, წამლები. მათ შორის ოჯახებს, სადაც მხოლოდ მარტოხელა მოხუცები ცხოვრობენ, ან მცირეწლოვანი ბავშვები და ჩვილები ჰყავთ. ინგრევა სახლები ან დანგრევის პირასაა.
ზოგიერთი სოფლიდან, რომელიც გარე სამყაროს სხვებზე მეტად მოწყვეტილია, მოსახლეობის ევაკუაციასაც ითხოვენ. ზოგიერთ სოფელში სამაშველო ჯგუფები ჯერ კიდევ ვერ ჩადიან და მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ აქვთ.
გაკეთდა პლატფორმა „მოხალისე“, სადაც თავი ეყრება დახმარების საჭიროების მქონე ადამიანების შესახებ დეტალურ ინფორმაციას. მოხალისეები, ჩარჩენილი ადამიანების ოჯახის წევრები, ადგილობრივები თვითორგანიზებულად ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რომლებიც დაეხმარებიან ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს. ასევე, ცდილობენ ტექნიკის მობილიზებას, ფულის შეგროვებას სხვადასხვა საჭიროებისთვის, დამხმარე რესურსების მობილიზებას და ა.შ.
