ავსტრიაში 27 თებერვალს სამმა პარტიამ გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება ცენტრისტული მთავრობის ფორმირებაზე – ხუთ თვეში მას მერე, რაც არჩევნებში გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პარტიამ, რომელმაც შემდგომში ვერ შეძლო ადმინისტრაციის შექმნა.
კონსერვატიული ავსტრიის სახალხო პარტიის, მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატების და ლიბერალური “ნეოსის” განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმებულია პროგრამა კოალიციის შესაქმნელად.
როგორც მოელიან, კანცლერი გახდება სახალხო პარტიის ლიდერი, კრისტიან სტოკერი. პარტიები პროგრამას 27 თებერვალს, მოგვიანებით გამოაცხადებენ.
ეს იყო ამ სამი პარტიის მეორე მცდელობა მთავრობის შესაქმნელად, ულტრამემარჯვენე, იმიგრაციის მოწინააღმდეგე და ევროსკეპტიკოსი “თავისუფლების პარტიის” გარეშე. 29 სექტემბრის არჩევნებში ეს პარტია პირველად გახდა ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, ხმათა 28,8 პროცენტით.
