იპოთეკით ბინის შეძენა მარტივდება, რაც გაზრდის უძრავ ქონებაზე მოთხოვნას და გამოაჯანსაღებს გაყიდვებს – ასე აფასებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას „აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი. ვლადიმერ რობაქიძე „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ უძრავი ქონების გაყიდვებმა იკლო. მისი კომპანიის რეალიზების მაჩვენებელი კი ბოლო პერიოდში 20%-ით შემცირდა.
„სავარაუდოდ უძრავ ქონებაზე გაიზრდება მოთხოვნა. ეს დაასტიმულირებს უძრავი ქონების ბაზარს და გამოაჯანსაღებს გაყიდვებს. ზოგადად, გაყიდვები შემცირებულია. მოთხოვნა რაც იყო უძრავ ქონებაზე შემცირებულია. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გაზრდის მოთხოვნას. მომხმარებელში გაზრდის დაინტერესებას შეიძინოს უძრავი ქონება. ვისაც არ აქვს თავდაპირველი შენატანი, აქამდე 15-დან 20%-მდე იყო, ახალ 10% იქნება, ასეთ პირობებში იმ მომხმარებელს უფრო გაუმარტივდება, ვისაც პირველადი შენატანი არ აქვს. სამშენებლო კომპანიებსაც პრობლემა შეექმნათ რეალიზების კუთხით. როცა ქვეყანაში არის სტაბილური მდგომარეობა უძრავ ქონებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. წინა წლებში 2023-ში, 2024 წლის პირველი ორი კვარტალი მოთხოვნა იყო უძრავ ქონებაზე. შექმნილი მდგომარეობა უქმნის საკმაოდ დიდ დისკომფორტს სამშენებლო სექტორს. ეს დადებითი გადაწყვეტილება იქნება სამშენებლო სექტორისთვის. ალბათ გაიზრდება მოთხოვნა, რადგან უფრო გაუმარტივდებათ უძრავი ქონების შეძენა მომხმარებლებს. ჩვენს კომპანიაში 20%-ით შეგვიმცირდა გაყიდვები“, – აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.
,,აპექს დეველოპმენტის“ დირექტორი სამშენებლო კომპანიების წინაშე არსებულ კიდევ ერთ პრობლემაზე საუბრობს. მისი თქმით, ბანკებმა გრძელვადიანი სესხების გაცემა შეაჩერეს, რის გამოც მომხმარებლები უძრავ ქონებას ვერ ყიდულობენ. ვლადიმერ რობაქიძე ბანკების სიფრთხილის მიზეზად არსებულ რისკებს ასახელებს. აცხადებს, რომ სამშენებლო კომპანიებს მშენებლობა გაუძვირდათ, რის გამოც ფასებს ვერ დასწევენ. ამიტომ კომპანიები მიწოდებას შეამცირებენ და უფრო ნაკლებ ობიექტს ააშენებენ.
,,ბანკები დეველოპერულ სესხებს პრაქტიკულად არ გასცემენ, შეჩერებულები არიან. ასევე საკმაოდ შეამცირეს იპოთეკური სესხების გაცემა. სავარაუდოდ მიზეზია ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ეს ქმნის პრობლემებს. სამშენებლო მასალებზე და მუშა ხელზე ფასები იზრდება. შესაბამისად, უძრავ ქონებაზე ფასებს ვერ შევამცირებთ. მიწოდებას შევამცირებთ, ნაკლებ ობიექტს ავაშენებთ.”- აცხადებს ვლადიმერ რობაქიძე.
