ევროპარლამენტართან ვისაუბრეთ, როგორ მივაღწიოთ, რომ ორმხრივ საფუძველზე ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა შესაბამისი ზომები მიიღონ იმ პირების მიმართ, რომლებიც მხილებული არიან ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაში – ვისაუბრეთ იმაზეც, რომ გვაქვს ჩამოყალიბებული ხედვა, როგორ შევამციროთ გაყალბების რისკი და როგორ მივაღწიოთ, რომ ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები , – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანესთან ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, კიდევ რა შეიძლება გააკეთოს ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად.
“ევროპარლამენტის წევრთან გვქონდა შეხვედრა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა შეიძლება კიდევ გააკეთოს ევროპარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერად. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა რეპრესიულ ზომებს გეგმავს “ქართული ოცნება” თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მომიტინგეების წინააღმდეგ. ფინანსური მოხრჩობის მცდელობაა მათი მხრიდან, რათა თავისუფალი აზრი მოკლან, რასაც ვერ მიაღწევენ. მაგრამ ცხადია, რომ ყველა იმ ადამიანმა, რომელიც ჩართულია ამ რეპრესიული ზომების გატარებაში, უნდა გადაიხადოს შესაბამისი ფასი. მათი იმედია, რომ უნგრეთი და სლოვაკეთი არ მისცემენ საშუალებას ევროკავშირს, მიიღონ გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება შესაბამისი იმ რეპრესიული ზომების, რასაც “ქართული ოცნება” ატარებს. მაგრამ არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობა ორმხრივ ბაზაზე. თითოეულ ქვეყანას შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელიც იქნება შესაბამისი “ქართული ოცნების” ამა თუ იმ წარმომადგენლის ქცევის. თუ ვინმე მხილებულია, რომ მონაწილეობს რეპრესიული ზომების განხორციელებაში, უნდა აგოს პასუხი, უნდა გადაიხადოს ფასი. ამაზე ევროპაში ინტენსიური საუბარი მიმდინარეობს. საუბარია სწორედ იმაზე, რომ ამ ადამიანებმა დაუსჯელად არ იგრძნონ თავი. ადამიანებმა, რომლებიც ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგვრაში არიან მხილებული და ცდილობენ, მოახრჩონ ჩვენი თანამოქალაქეების თავისუფალი ნება, მაინც ვერ მიაღწევენ ამას და ამისთვის პასუხი უნდა აგონ.
ევროპარლამენტის პოზიცია ცალსახაა. რეზოლუციაც ვნახეთ, სადაც საუბარია იმაზე რომ ყველა ის პირი უნდა იყოს სანქცირებული, რომელიც მხილებულია ძალადობაში, რეპრესიული ზომების გატარებაში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
