გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიასა და აჭარას ჯარს დაახმარდნენ, რამაც ხალხს იმედი გაუჩინა, რომ სოფლებამდე მისასვლელი გზა ახლა მაინც გაიწმინდებოდა, რომ მოხუცებს, ბავშვებს საკვებს, მედიკამენტებს მიაწვდიდნენ, გამოიყვანდნენ, სახლებს გადაარჩენდნენ თოვლის შედეგად დანგრევისგან, თუმცა, ამ დროისათვისაც, არაერთი ადამიანი ისევ ითხოვს შველას.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არსებობს სააკორდინაციო შტაბი, ხალხი ითხოვს, საკოორდინაციო საბჭომ, რამდენიმე საათში ერთხელ მაინც გააახლოს ინფორმაცია, რამდენი ადამიანი საჭიროებს შველას, რამდენი გადაარჩინეს, რამდენი სოფელია ისევ მოწყვეტილი გარესამყაროს.
დღეს ვრცელდება ინფორმაციები აჭარის სოფლებზე, სადაც მდგომარეობა, როგორც მოქალაქეები სოციალურ ქსელებში წერენ, მძიმდება.
წუხელ ღამით, გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, ჯარისკაცების გადასაყვანი მანქანა როგორ ამოჰყავთ მოხალისეებს თოვლიდან. მანამდე ე.წ. საკოორდინაციო საბჭო წერდა, რომ მოხალისეების ჩასვლა ადგილზე არაპროდუქტიულია.
რა ტექნიკით უნდა ჩართულიყო რეალურად თავდაცვის ძალები მოქალაქეების გადარჩენის ოპერაციაში? – ამ კითხვით “ალიამ” სამხედრო ექსპერტს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ფარის“ დამფუძნებელს, პოლკოვნიკ გიორგი თავდგირიძეს მიმართა.
გიორგი თავდგირიძე:
–დასაშვებია რომ ჯარს არ ჰქონდეს რაოდენობრივად ბევრი ტექნიკა, მაგრამ აუცილებლად უნდა ყავდეს საინჟინრო ქვედანაყოფა, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა გაწმინდოს და აღადგინოს გზა, ამისთვის საჭიროა შესაბამისი სპეციალური ტექნიკა და აღჭურვილობა. ჩვენი რელიეფიდან და კლიმატიდან გამომდინარე, ჯარის მობილურობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია თოვლის, ნამქერის და ა.შ. შედეგების ლიკვიდაციის შესაძლებლობა. თავდაცვა თავს ვერ იმართლებს რატომ არ გვყავს. ცალკე თემაა ადამიანების ევაკუაციის და დროებით განთავსების ორგანიზების შესაძლებლობა. უკიდურეს შემთხვევაში შესაძლებელია მუხლუხებიანი ტექნიკის გამოყენება.
