იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ლევან ზალკალიანის განცხადების თანახმად, 26 თებერვლის შუადღისთვის, იმერეთის მხარეში „ჩაკეტილია“ – გარესამყაროს მოწყვეტილია – 149 სოფელი.
„ამ წუთის მდგომარეობით, ჩაკეტილია 149 სოფელი, ელექტროენერგია არ მიეწოდება 30 000-მდე აბონენტს, ასევე, შეწყვეტილია ბუნებრივი გაზის მიწოდება 237 აბონენტისთვის“, – უთხრა ლევან ზალკალიანმა „რუსთავი 2-ს”.
მისი თქმით, არის „გარკვეული მუნიციპალიტეტები“, სადაც “დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი სკოლებსა და ბაღებში“.
ზალკალიანის განცხადებითვე, დილიდან მუშაობს 148 ერთეული ტექნიკა, რომლებიც წმენდენ ქალაქის, ასევე სოფლამდე მისასვლელ გზებს.
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დიდთოვლობის გამო ცხრა სოფელი „ჩაიკეტა“. ეს სოფლებია: ნიგვზარა, შომახეთი, ცხომარეთი, ბახიოთი, ცხამი, დურევი, ჭალოვანი, ლიჩი და ღოდორა.
„თოვლის საფარი 50-120 სანტიმეტრს აღწევს“, – იუწყება მერია.
მათივე ინფორმაციით, სწავლა შეწყვეტილია 20 საჯარო სკოლაში, სოფლებში არგვეთი, გამოღმა არგვეთი, გორისა, იტავაზა, ლიჩი, მერჯევი, მოხვა, მოძვი, მახათაური, ნიგვზარა, სარეკი, სისვაძეები, ქორეთი, შომახეთი, ჭალოვანი, ჯალაურთა, ცხომარეთი, საირხე, სავანე და ჭორვილა.
მერიის ცნობითვე, ელექტროენერგია მუნიციპალიტეტში მხოლოდ 40 აბონენტს არ მიეწოდება, ხოლო ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეფერხებულა.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობა უკვე ერთი კვირაა, გრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ვითარება დღითიდღე მძიმდება: არის ცნობები მსხვერპლის შესახებ, არაერთი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი, დანგრეული და დაზიანებულია შენობები, შეწყვეტილია ენერგომომარაგება და მოსახლეობის ნაწილს საკვების მარაგი ამოეწურა.
