შიდა ქართლის გუბერნატორი – ხაშურის მუნიციპალიტეტში მაღალი ზონის სოფლებამდე მისასვლელი გზები ჩაკეტილია – ვიყენებთ სრულ ტექნიკურ რესურსს, რომ რეგიონის არცერთი სოფელი ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს

წუხანდელი ღამიდან გადაუღებლად თოვს შიდა ქართლში, რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის, ყველაზე უხვი ნალექი ხაშურის მუნიციპალიტეტშია.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, შედარებით პრობლემური ზონები სწორედ ხაშურის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის დასახლებული პუნქტების მიმართულებითაა.
ლევან ხარაბაძის ინფორმაციით, რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და ღამის საათებიდან ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.
„უხვი ნალექია რეგიონში, თუმცა, ყველაზე უფრო საყურადღებო ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებია, სადაც თოვლის საფარი შედარებით მაღალია. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია ღამის საათებიდან, სხვა ტექნიკასთან ერთად, 9 ერთეული მძიმე ტექნიკაც მუშაობს, მათ შორის – მუხლუხოებიანი ტრაქტორები და ინტენსიურად იწმინდება გზები. ხაშურის მუნიციპალიტეტში გვაქვს მაღალი ზონის სოფლები, სადაც ამ დროისთვის მისასვლელი გზები ჩაკეტილია, ყველაფერი კეთდება, რომ დღის ბოლომდე შევძლოთ აღნიშნული გზების გაწმენდაც, თუმცა ინტენსიური თოვა გრძელდება, რაც ართულებს მდგომარეობას. ვიყენებთ სრულ ტექნიკურ რესურსს, რომ რეგიონის არცერთი სოფელი არ დაგვრჩეს ყურადღების მიღმა. რაც შეეხება მოსახლეობის ენერგორესურსებით უზრუნველყოფას, ამ დროისთვის არ გვაქვს შეფერხებები“, – აღნიშნა ლევან ხარაბაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ხატია დეკანოიძე – პუტინი გადატრიალებას უწოდებდა „ვარდების რევოლუციას“, იდენტურია, რასაც საუბრობენ წულუკიანი და პუტინი – ჩვენ დიდ შეცდომად მივიჩნევთ, რომ ივანიშვილს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლებად ყოფნის, ალბათ, მაშინ ვერ გამოვერკვიეთ მის ძირებს