გულის კვლევა – რა უნდა ვიცოდეთ კარდიო MRI–ის შესახებ – “მრტ კვლევისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ აპარატი” – ეკატერინე კაპანაძე

„ალიას“ ესაუბრება ბავშვთა კარდიოლოგი, იტერვენციული კარდიოლოგი, ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტი, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალსის გულის თანდაყოლილი პათოლოგიებისა და ბავშვთა კარდიოლოგიის სამსახურის უფროსი კარდიოლოგი, ეკატერინე კაპანაძე.
– რა სახის რადიოლოგიურ კვლევას წარმოადგენს გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია (კარდიო MRI)? უსაფრთხოდ ითვლება?
–გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია არის გულის სიღრმისეული გამოკვლევა, რომელიც მაგნიტური ველის და რადიო სიხშირის ტალღების გამოყენებით ტარდება და შემდეგ ამ მონაცემების კომპიუტერული დამუშავებით გვაძლევს გულის მაღალი დონის გამოსახულებას. აღსანიშნია, რომ გულის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია არის არაინვაზიური კვლევა (არ ხდება ორგანიზმში ჩარევა) და რაც მთავარია, მავნე დასხივების გამოყენების გარეშე ვიღებთ მაღალი დონის გამოსახულებას.
ამ კვლევის მეშვეობით ფასდება არა მხოლოდ გულის ანატომია და ფუნქცია, ასევე ხდება სისხლის ნაკადის შეფასება და რაც მთავარია, გულის მრტ კვლევით შესაძლებელია გულის კუნთის ქსოვილის შეფასება, რომელიც სხვა ვერცერთი არაინვაზიური კვლევით ვერ ხდება, ამიტომ ამ კვლევას აქვს დიდი როლი იმ დაავადებების დიაგნოსტიკაში და მართვაში, რომელიც მიმდინარეობს გულის კუნთის დაზიანებით, მაგალითად მიოკარდიტი, კარდიომიოპათია. ამ კვლევის საშუალებით შეგვიძლია შევაფასოთ ჩანაცვლებულია თუ არა გულის კუნთოვანი ქსოვილი სხვა რაიმე ქსოვილით- ნაწიბუროვანით ან ცხიმოვანით, მაგალითად, ან შევაფასოთ გულის კუნთის სიცოცხლისუნარიანობა გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ.
დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კვლევას გულის რთული თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტიკაში, მრტ კვლევამ გულის თანდაყოლილი მანკის მქონე პაციენტებში, ნაწილობრივ ჩაანაცვლა ანგიოგრაფიული კვლევა. ანგიოგრაფიული კვლევა კი გახლავთ, პირველ რიგში, ინვაზიური კვლევა და მეორე, მაიონიზირებელი (მავნე) დასხივების ქვეშ მიმდინარე კვლევა. გულის მრტ არის ერთ-ერთი შეუცვლელი კვლევა პაციენტებში, გულის სიმსივნური წარმონაქმნებით და თრომბებით.
⁃ უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა დაავადებების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფია?
–გულის მრტ კვლევა წარმოადგენს ოქროს სტანდარტის კვლევას მიოკარდიუმის ფუნქციის, მოცულობის შეფასებაში და ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩანაცვლების გამოსავლენად. ასევე ის გახლავთ უნიკალური კვლევა ქსოვილის დაწვრილებითი შეფასებისთვის, მიოკარდიუმის შეშუპების შეფასებისთვის, მიოკარდიუმის პერფუზიის შეფასებისთვის (ანუ სისხლმომარაგების და სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაში, გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ). ამასთან ერთად გვაძლევს მაღალი გარჩევადობის გამოსახულებას, კომპიუტერულ ტომოგრაფიასთან შედარებით ვიღებთ გულის მუშაობის ვიდეოებს ანუ მოძრაობაში ვაფასებთ გულს, გულის ფუნქციას. გულის მაგნიტურ რეზონანსული კვლევა გამოიყენება გულის სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკაში, როგორც თანდაყოლილის, ასევე შეძენილის. როგორც უკვე აღვნიშნე, განსაკუთრებით ინფორმატიულია ის გულის კუნთის დაავადებების დიაგნოსტიკაში. ეს იქნება მემკვიდრეობითი დაავადებები, რომელიც აზიანებს გულის კუნთს (ე.წ. კარდიომიოპათიები), თუ შეძენილი, მაგალითად, მიოკარდიტი – გულის კუნთის ანთება, რაც შეიძლება წარმოადგენდეს გადატანილი ვირუსული ინფექციის გართულებას.
მაგნიტურ-რეზონანსული კვლევით მიოკარდიტის დიაგნოზის დასმა ადრეულ სტადიაზე არის შესაძლებელი, მანამ სანამ ეს ნათელი გახდება სხვა კვლევით, მაგალითად, ექოკარდიოსკოპიით. ამ შემთხვევებში, ვაფასებთ, ხომ არ არის ჩანაცვლებული გულის კუნთოვანი ქსოვილი რაიმე სხვა ქსოვილებით. ასევე დიდი როლი აქვს მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გულის სხვადასხვა კომბინირებული თანდაყოლილი მანკების დიაგნოსტირების დროს. ამის ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ ფალოს ტეტრადა, როდესაც პაციენტს ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ქირურგიული ჩარევა შეიძლება დასჭირდეს, ზუსტად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ვიღებთ იმ ზუსტ ინფორმაციას, რომლის სხვა კვლევით მიღება შეუძლებელია (კერძოდ, მარჯვენა პარკუჭის ფუნქციისა და მოცულობის შეფასებით). ამ მონაცემებზეა დამოკიდებული ესაჭიროება თუ არა პაციენტს განმეორებითი კარდიოქირურგიული ჩარევა – ფილტვის არტერიის სარქვლის იმპლანტაცია
⁃ რა განსხვავებაა გულის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას და სხვა რადიოლოგიურ კვლევებს შორის? აქვს თუ არა უპირატესობა და თუ კი, რა უპირატესობები აქვს?
–ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ კვლევა ტარდება მაიონიზირებელი დასხივების გარეშე, ანუ მავნე დასხივების გარეშე. არის გარკვეული დაავადებები, როდესაც დიაგნოსტიკაში პრიორიტეტულია კომპიუტერული ტომოგრაფია და არის დაავადებები, როდესაც მეტ ინფორმაციას ვიღებთ მაგნიტურ – რეზონანსული ტომოგრაფიით. რიგ შემთხვევაში პაციენტს ორივე კვლევის ჩატარება სჭირდება. მაგალითად, თუ კითხვა არის გულის კუნთის ქსოვილის დაზიანებაზე, მის მასშტაბზე, სარქვლოვანი პათოლოგიების შეფასებაზე და ზუსტად ნაკლოვანების ნაკადის მოცულობის დათვლაზე, მაშინ უნდა დაინიშნოს გულის მრტ კვლევა, თუკი თქვენს ექიმს სურს შეაფასოს გულის მკვებავი სისხლძარღვების გამავლობა, მაშინ სჯობს ჩატარდეს კომპიუტერული ტომოგრაფია.
თუ შევადარებთ ექოკარდიოსკოპიას, გვაძლევს გულის კუნთის (მიოკარდის) ნაწიბუროვანი ცვლილებების შეფასების საშუალებას, ანუ გულის კუნთი თუ გარკვეულ ადგილებში ჩანაცვლებულია ე.წ. ნაწიბუროვანი ქსოვილის თუ რაიმე ნივთიერების დაგროვებით, ამის შეფასების საშუალებას გვაძლევს მხოლოდ გულის MRI. ასევე აქტუალურია მისი გამოყენება იმ შემთხვევებში, როდესაც ექოკარდიოსკოპიით გამოსახულების მიღება გაძნელებულია, მაგალითად ჭარბი წონის მქონე პაციენტებში, ან პაციენტებში ვისაც ფილტვის ქრონიკული დაავადებები აქვთ, ამიტომ გულის სტრუქტურის და ფუნქციის მეტი გარჩევადობისთვის ინიშნება გულის მრტ კვლევა. სულ უფრო მეტი მტკიცებულება არსებობს, რომ გულის MRI ძალიან კარგია რთული შემთხვევების დიაგნოსტიკისათვის და განსაკუთრებით იმ მდგომარეობების დროს, როდესაც სხვა კვლევის შედეგები გაურკვეველი, საეჭვო ან ორაზროვანია. გულის მრტ იძლევა ინფორმაციას გულის კონკრეტული მდგომარეობის სიმძიმის შესახებ და გვეხმარება პროგნოზის განსაზღვრაში, რაც საბოლოოდ გადამწყვეტია პაციენტის მედიკამენტოზური ან ქირურგიული მკურნალობის დაგეგმვაში.
– რა სიმპტომების მიხედვით უნდა დაინიშნოს ეს კვლევა? და გამოიყენება თუ არა პრევენციისთვის და გეგმიური შემოწმებისთვისაც?
–პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ კვლევაზე მისი მიმართვა ხდება მკურნალი კარდიოლოგის მიერ, რათა პასუხი გავცეთ გარკვეულ კითხვებს, რაც ვერ გაირკვა უკვე ჩატარებული კვლევებით, შესაბამისად, ეს კვლევა პროფილაქტიკურად არ ტარდება. გულის მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია ტარდება მაშინ, როდესაც დიაგნოზის დაზუსტება ან დაკონკრეტებაა საჭირო, რათა შესაბამისად სწორად დაინიშნოს მედიკამენტოზური ან ქირურგიული მკურნალობა.
უფრო და უფრო მატულობს იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლის შემდგომი სწორი მართვისთვის, გულის ამერიკისა და ევროპის ასოციაციები ამ კვლევის ჩატარებას გვირჩევენ.
–მითები, რომლებიც თქვენ პროფესიაზე გსმენიათ და როგორია რეალობა?
–რაც შეეხება მითებს – მინდა აღვნიშნო, რომ ეს კვლევა არ ტარდება მავნე დასხივების საშუალებით, ბევრს ჰგონია რომ ვინაიდან კვლევის სრული დასახელება გახლავთ – მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია – რომ ის რენტგენოლოგიური კვლევაა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
– როგორია კარდიო MRI-ს პროცედურა? რამდენ ხანს გრძელდება და სჭირდება თუ არა
პაციენტს რაიმე განსაკუთრებული მომზადება?
–მინიმალური კარდიოლოგიური პროტოკოლის ჩატარების დრო არის 40 წთ-დან 1 საათი. ვინაიდან გული მოძრავი ორგანოა, კარგი გამოსახულების მიღებისათვის აუცილებელია პერიოდულად სუნთქვის შეკავება.
ტარდება, როგორც ბავშვებში, ასევე დიდებში, არანაირი ასაკობრივი შეზღუდვა
არ გვაქვს.
უბრალოდ 8 წლამდე ასაკის ბავშვებს, როგორც წესი უჭირთ ადეკვატური სუნთქვის შეკავება და უმოძრაოდ გაჩერება, ამიტომ ზოგჯერ აუცილებელია კვლევის ზოგადი ანესთეზიით ჩატარება. ერთ-ერთი განმასხვავებელი სხვა ორგანოს მრტ-სთან არის ის, რომ კვლევა ტარდება პაციენტის ელექტროკარდიოგრაფიის სინქრონიზაციით, რათა აპარატმა დაასკანეროს გულის ციკლი გარკვეულ ფაზაში და მივიღოთ მაღალი გარჩევადობის გამოსახულება.
ეს კვლევა შესაძლებელია ჩატარდეს, როგორც კონტრასტული ნივთიერების გამოყენებით, ასევე მის გარეშე, გააჩნია რა კლინიკური კითხვა აქვს თქვენს ექიმს. როგორც წესი, ეს კვლევა პაციენტისთვის დისკომფორტს არ ქმნის. იმის მიუხედავად, რომ პაციენტი სკანერში იმყოფება, მასთან მუდმივად ხდება კომუნიკაცია. გულის მრტ კვლევის ჩატარებამდე პაციენტს განსაკუთრებული მომზადება არ სჭირდება. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს კვლევისას სჭირდება კონტრასტული ნივთიერების გამოყენება, წინასწარ ხდება პერიფერიული ვენურ კათეტერის ჩაყენება. თუ პაციენტი ბავშვია, წინასწარ ვაზუსტებთ დეტალებს და ვაფასებთ რამდენად შეძლებს პაციენტი კვლევის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიის გარეშე.
და ბოლოს ვიტყვი, რომ გულის მრტ კვლევის ჩატარებისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ სკანერი (აპარატი), რომლითაც სრულდება ეს კვლევა არამედ აუცილებელია სპეციალური პროგრამები რომლის მეშვეობითაც ხდება ამ მიღებული გამოსახულების და ინფორმაციის დამუშავება. ნიუ-ჰოსპიტალსის უპირატესობა გახლავთ ზუსტად ის, რომ გარდა უახლესი თაობის მრტ სკანერისა გვაქვს სპეციალური პროგრამები რომლის გამოყენებითაც ვიღებთ ზუსტ ინფორმაციას. აღსანიშნია, რომ ექიმი რომელიც ატარებს კვლევას კარგად უნდა ფლობდეს აპარატს და ჰქონდეს ცოდნა რადიოლოგიაში და ამასთან ერთად აუცილებელია იყოს კვალიფიციური კარდიოლოგი, რომელსაც სიღრმისეულად შესწავლილი აქვს გულის ანატომია და ფიზიოლოგია, ასევე, გულის, როგორც შეძენილი, ისე თანდაყოლილი ანომალიები.
⁃ რთული პროფესია გაქვთ, რა გზა გამოიარეთ, რატომ შეარჩიეთ კონკრეტულად ეს სფერო? რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას პროფესიაში?
–ჩემი აზრით, ზოგადად, მედიცინით დაინტერესება, მუდმივად უკავშირდება ადამიანის ორ ყველაზე ფუნდამენტურ თვისებას: ცნობისმოყვარეობას – ამოუწურავ სურვილს შევიცნოთ ადამიანის ჯერ კიდევ ამოუხსნელი ანატომია, და პასუხი გავცეთ კითხვას: – რატომ?; და, თანაგრძნობას – უკეთესობისკენ შევცვალოთ ან შევამსუბუქოთ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩემ შემთხვევაშიც, გარდა მედიცინაში, როგორც მეცნიერებაში დაინტერესებისა, პაციენტებისთვის სხვადასხვა მხრივ გაწეული დახმარება და ამით მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა.
როგორც კარდიოლოგს, მუდმივად მაქვს შეხება სხვადასხვა ასაკის პაციენტებთან, დაწყებული ზოგჯერ სულ რამდენიმე საათის დაბადებულ ბავშვებთან, დასრულებული ხანდაზმული პაციენტებით, შესაბამისად, ჩემ მიერ არჩეული სპეციალობა, მაძლევს საშუალებას მნიშვნელოვნად შევცვალო პაციენტის ცხოვრება მის სხვადასხვა ეტაპზე. ამ პრივილეგიასთან ერთად, მოდის პროფესიის მთავარი სირთულე – პასუხისმგებლობა.
მოგეხსენებათ, ერთ შეცდომასაც კი შეიძლება უდიდესი გავლენა ჰქონდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე და კასკადურად გამოიწვიოს სხვა პრობლემები. მიუხედავად ამხელა რისკის და წნეხისა, ვიყო პაციენტის გამოჯანმრთელების მოგზაურობის ნაწილი, უდიდესი ჯილდოა. იქნება ეს ოჯახების ხელმძღვანელობა დიაგნოსტიკის გზით, რთული პროცედურების ჩატარება თუ მუდმივი ზრუნვა და მხარდაჭერა. პაციენტის კეთილდღეობის და გაუმჯობესებისკენ მიმართული ყოველი ნაბიჯი წარმოუდგენელი ჯილდოა. იმის დანახვა, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდება და აგრძელებს სრულფასოვან ცხოვრებას, ჯანმრთელობასთან ასოცირებული სირთულეების მიუხედავად, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი პროფესიის მნიშვნელობას და გავლენას. უფრო მეტიც, ზოგჯერ პაციენტებთან და მათ ოჯახებთან ურთიერთობა ქმნის კავშირს, რომელიც სცილდება მხოლოდ სამედიცინო დახმარებას. ეს არის კომფორტის, იმედისა და დარწმუნების წყაროდ ყოფნა, რთული და გაურკვეველი პერიოდის დროს. გარდა ამისა, ჩემს მოღვაწეობის სფეროში ტექნოლოგიებისა და მკურნალობის წინსვლა მუდმივად გვთავაზობს ახალ შესაძლებლობებს შედეგების გასაუმჯობესებლად, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ მედიცინის სფეროში პროფესიული განვითარება მოითხოვს მუდმივ სწავლასა და სიახლეების უმალ ათვისებას.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?