ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციამ ცოტა ხნის ბიზნესთან გამართულ შეხვედრაზე იმ პოზიტიურ სტატისტიკაზე ისაუბრა, რაც გასულ წელს ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაფიქსირდა.
შეხვედრამ ხმაურის ფონზე ჩაიარა, სექტორში დასაქმებულების ნაწილი ამბობდა, რომ პრობლემები მრავლად იყო, რაზეც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში არ საუბრობენ.
Chateau Mere-ს დამფუძნებელი გია პირადაშვილი ამბობს, რომ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია პრაქტიკულად არ აქვს. მისი შეფასებით, ის რიცხვები რითაც სააგენტო თავს იწონებს არასერიოზულია, რადგან ციფრები რეალობას არ შეესაბამება.
“ტურიზმის სტატისტიკით საუბარი აბსოლუტურად არასერიოზული მიდგომაა, რადგან ციფრები არ შეესაბამება რეალობას. სტატისტიკის გარდა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს, მე არ ვიცი სხვა შემთხვევაში რა ხდება, მაგრამ ჩვენთან ეს მოცემულობაა. როცა მესმის ხოლმე ეს ციფრები მგონია, რომ ან სიზმარში ვარ ან რაღაცას ვერ ვხედავ, ძალიან დიდ გაუგებრობაში ვარ, რაღაც პრობლემა მაქვს ჩემს სასტუმროში, რომ ვერ ვხედავ იმ ტურისტებს ვისაც ტურიზმის ეროვნული სააგენტო და სტატისტიკის სამსახური ასე გულმოდგინეთ გვიხასელებენ. შეიძლება მე ვცდები, მაგრამ არა მგონია, დიდი ხანია ამ სფეროში ვარ და ტურისტს გავლაზე ვცნობ ვინ არის ჩამოსული და ვინ არის აქაური. მეეჭვება რომ ამ ციფრებში რაღაც სიმართლე იმალებოდეს,”-აცხადებს გია პირადაშვილი.
