„ეს ერთჯერადი ცვლილებაა“- ეკონომისტი საგარეო ვაჭრობის 39.3%-ით გაზრდაზე

იანვარში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 39.3%-ით გაიზარდა. ეკონომისტი გოჩა ქარდავა „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყანაში ძვირად ღირებული ხელოვნების ნიმუშების შემოტანას უკავშირდება, რაც სტატისტიკაში ერთჯერადად აისახება. გოჩა ქარდავა განმარტავს, რომ ჯამური ბრუნვის მატება მოხმარების ან ადგილობრივი წარმოების გაზრდამ არ განაპირობა, რის გამოც მომავალი წლის იანვარში შესაძლოა კლება დაფიქსირდეს.
,,მთავარი მიზეზი, რის გამოც მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯამური ბრუნვის მაჩვენებელი, ეს არის ქვეყანაში შემოტანილი კონკრეტული ხელოვნების ნიმუშები. ძირითადად ეს იყო ნახატები და ქანდაკებები. შესაბამისად, ეს არ არის მოხმარების ზრდის შედეგად ან ადგილობრივი წარმოების შედეგად მიღებული ბრუნვა. ეს არის ერთჯერადი, კონკრეტული შემთხვევით განპირობებული მნიშვნელოვანი ზრდა. ჯამურად დაახლოებით 400-დან 500 მილიონამდე არის ამ ხელოვნების ნიმუშების ღირებულება. ეს არის ერთჯერადი ცვლილება. პირობითად, მომავალ წელს იანვარში თუ რაიმე მსგავსი, დამატებითი ერთჯერადი დიდი ტრანზაქცია ან დიდი ღირებულების პროდუქციის შემოტანა არ მოხდება, დიდი ალბათობით კლება იქნება“, – აცხადებს გოჩა ქარდავა.