იმედი მაქვს, რომ მთლიანად ევროპისა და წევრი ქვეყნების თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა, – ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ანტონიო კოსტასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
„იმედი მაქვს, რომ ევროპის, წევრი ქვეყნებისა და მთლიანად ევროპის დიდი თავდაცვითი მობილიზაცია ფაქტად იქცევა. კვირას ლონდონში ვიქნებით, სადაც ჩვენს ბრიტანელ მეგობრებთან და ლიდერთა ჯგუფთან ერთად, თავდაცვის ერთობლივ გეგმებს განვიხილავთ“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას ცნობით, ლიდერები ევროპის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს მომავალ კვირას დაგეგმილ საგანგებო სამიტზე განიხილავენ.
„რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით, კი აღმოსავლეთ საზღვრისთვის, პოლონეთისთვის, ბალტიისპირეთისთვის, რუმინეთისთვის და ევროკავშირის აღმოსავლეთ ფლანგისთვის“, – აღნიშნა კოსტამ.
ცნობისთვის, ანტონიო კოსტას მოწვევით 6 მარტს ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტი გაიმართება.
