„25 თებერვალი არის ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას“ – სალომე ზურაბიშვილი
ბრძოლა ყოველთვის ღირს, 25 თებერვალი არის ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების! – სხვა არც ერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე, გარდა რუსეთისა და ეს თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი რა გავიგეთ ჩვენი ისტორიიდან, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან ახლოს მყოფ ქვეყანას ყოველთვის ექნება შიში იმისა, რომ ომი დაიწყოს.
ზურაბიშვილი კოჯორში, იუნკერთა მემორიალთან იმყოფებოდა და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„25 თებერვალი არის ჩვენთვის, ყველასათვის ძალიან მძიმე დღე, მაგრამ ამავე დროს, ძალიან დიდი იმედის დღე. ეს არის იმის სიმბოლო, რომ ქართველები არ თმობენ არც დამოუკიდებლობას, არც თავისუფლებას… დღეს თუ ჩვენ ვართ თავისუფალი და დამოუკიდებელი, ჩვენ სწორედ ვართ მემკვიდრეები იმ ბრძოლისა, იმ შემართებისა, იმ ქვეყნის მიმართ ერთგულებისა, რამაც მოგვიყვანა დღემდე. საუკუნეების წინაც ასე იყო და საუკუნეების შემდეგაც ასეა. ასე რომ, ბრძოლა ყოველთვის ღირს, ბრძოლა ბოლომდე არის. 25 თებერვალი არის სწორედ ამ ბრძოლის სიმბოლო და არა დაჩოქების…
ომი მოდის მხოლოდ ერთი ქვეყნიდან და დღეს აქ რომ ვდგავართ, უნდა ვიცოდეთ ის ქვეყანა. ქვეყანა, რომელიც ომს იწყებს თავისი ყველა მეზობლის წინააღმდეგ არის ერთადერთი და სანამ ამ ქვეყანას ექნება კიდევ ერთი კვადრატული კილომეტრი ოკუპირებული რომელიმე მისი მეზობელი ქვეყნისა, მანამდე ეს ქვეყანა იქნება იმპერიალისტი, აგრესორი და ამ ქვეყანასთან ახლოს მყოფს ყოველთვის ექნება შიში იმისა, რომ ომი დაიწყოს. სხვა არც ერთი წყაროდან არ მოდის ომის საფრთხე და ეს თუ ვერ გავიგეთ საქართველომ, მაშინ არ ვიცი რა გავიგეთ ჩვენი ისტორიიდან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
გარდა ამისა, ის დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფაქტი, რომ დათოვლილ სოფლებში მოხალისეები მიდიან ნიშნავს იმას, რომ „ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება“.
„დღეს არის ძალიან დიდი ტრაგედია საქართველოში, გურიაში, აჭარაში. მთელი დასავლეთ საქართველო არის თოვლის ქვეშ და არც ერთი სახელმწიფო რეაგირება არ ხდება ჯერ. ეს სოფლები არიან ჩაფლული თოვლში, იქ ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი, იქ მიდიან მხოლოდ მოხალისეები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი საზოგადოება, ძალიან ცოცხალი საზოგადოება და ჩვენ არ გვყავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ipn.ge
