დემოკრატიული ფონდებისა და ორგანიზაციების დაფინანსებისთვის, Freebusiness-ის ქვეპლატფორმა Freedonation.ge-მ ამოქმედებიდან 4 დღეში ნახევარი მილიონი ლარი მოიზიდა. როგორც პლატფორმის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან განმარტავს, შეგროვებული თანხის ძირითადი წილი კერძო სექტორზე მოდის.
“ჯამურად 0.5 მლნ ლარზე მეტის “ქომითმენთი” გვაქვს, საიდანაც 90% ბიზნესის კონტრიბუციაა, 10% – საზოგადოების. ვებგვერდზე ამჟამად მიმდინარე თვის მაჩვენებლები ჩანს, თუმცა ზოგი [კომპანია თუ კერძო პირი] თანხის ჩარიცხვის 2-3-4-თვიან ვალდებულებას იღებს”, – განმარტავს ჩუგოშვილი.
ცნობისთვის: Freedonation-ის მომხმარებელი თავად არჩევს, რამდენი თვის განმავლობაში დაეხმარება X თანხით არჩეულ ფონდსა და ორგანიზაციას.
გიორგი ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ პლატფორმაზე ფონდებისა და ორგანიზაციების დამატება გრძელდება. მისი თქმით, ვებგვერდს მიმართვის ფუნქციონალიც დაემატა და, შემოწმების შემდეგ, ახალი ორგანიზაციებიც გამოჩნდებიან.
“ფონდები “ლაივ” რეჟიმში ემატება. დღეს დავამატეთ “ნანუკას ფონდი გურიისთვის” სპეციფიკური საჭიროებიდან გამომდინარე, რადგან სტიქიასთან საბრძოლველად აგროვებენ თანხას. დავამატეთ მომართვის ფუნქციონალიც, უკვე გვწერენ კიდეც ფონდები, ვამუშავებთ ინფორმაციას, რათა დავრწმუნდეთ, რომ დემოკრატიაზე მუშაობენ და რამე სხვა მიზნობრიობა არ აქვთ და დღის განმავლობაში კიდევ დაემატება ფონდები”, – განმარტავს გიორგი ჩუგოშვილი.
Freedonation.ge-ზე ამჟამად 16 ფონდი, საზოგადოებრივი მოძრაობა და მედიაორგანიზაციაა რეგისტრირებული. პლატფორმის მიზანია, ერთ სივრცეში მოუყაროს თავი ყველა იმ აქტორს, ვინც აძლიერებს დემოკრატიას, და გაუმარტივოს საზოგადოებას მათი ხელშეწყობა.
