“მიმოზას ექსპორტის პარტია არ გაატარეს აფხაზურ-რუსულ საზღვარზე” – ამის შესახებ “აპსნიპრესი” იტყობინება. რუსეთის კარანტინის სამსახურის ინფორმაციით, მიმოზაში აღმოჩენილია კალიფორნიული ყვავილოვანი ტრიპსი, თუმცა, ლაბორატორიული კვლევის შედეგები რუსეთს არ წარმოუდგენია.
აფხაზეთში ვარაუდობენ, რომ მოსკოვი, 2024 წლის დეკემბერში მანდარინის ექსპორტის შეზღუდვის მსგავსად, ამჯერად არჩევნების მეორე ტურის წინ იგივე მანიპულაციებს მიმართავს, როდესაც კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა მანდარინის ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემა “ეფექტურად მოაგვარა”.
2024 წლის 6 დეკემბერს რუსეთის კარანტინის სამსახურმა აფხაზეთიდან რუსეთში გატანილ ციტრუსების ერთ პარტიაში ასევე აღმოაჩინა კალიფორნიული ტრიპსი. “ბევრისთვის ეს მკაფიოდ მიანიშნებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, როცა პირველ ტურამდე იმავე საზღვარზე მანდარინების შეჩერების შემთხვევაც დაფიქსირდა – მაშინაც ეჭვობდნენ იგივე მწერის არსებობას. ოფიციალურმა რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა ინფორმაცია კარანტინზე აკრძალვის შესახებ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, თუმცა მოგვიანებით ეს წყაროები ამ ინფორმაციას უარყოფდნენ. იმავდროულად, მანდარინები მანქანებში ლპებოდა, რადგან საზღვარს არ ატარებდნენ. მაშინ პრობლემა თითქოს “გადაწყვიტა” მოსკოვის მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ბადრა გუნბამ, რომელმაც ვითარება განმუხტა. ამასთან, რთული არ არის მიხვედრა, რომ მავნებელი, რომელიც ამჯერად მიმოზას „შემოუტრიალდა“, ისევ წინასაარჩევნოდ გაჩნდა, რათა შესაძლო „მხსნელად“ ისევ ბადრა გუნბა წარმოეჩინათ მეორე ტურამდე. ტექნოლოგების ჩანაფიქრით, ამ პრობლემის გადაწყვეტა გუნბას მიმართ მადლიერებას გამოიწვევს ამომრჩევლებში, რაც, თავის მხრივ, საარჩევნო შედეგებზე უნდა აისახოს”, – წერს აფხაზური “ნუჟნაია გაზეტა”.
აფხაზეთში დასავლური კალიფორნიული ყვავილოვანი ტრიპსი ოფიციალურად არ არის დაფიქსირებული.
აფხაზეთში კარანტინის სამსახურის უფროსი, ომარ ცვიჟბა, მიიჩნევს, რომ ასეთი დაბალი ტემპერატურის პირობებში ტრიპსის არსებობა ნაკლებად სავარაუდოა.
„ამჟამად გარე ტემპერატურა ნულის გრადუსს აღწევს ან უარყოფით ნიშნულზეა. ასეთ პირობებში ტრიპსის არსებობა ნაკლებად შესაძლებელია. ხვალიდან ლაბორატორიულ კვლევებს დეტალურად დავიწყებთ,“ – აღნიშნა ცვიჟბამ.
“ნუჟნაია გაზეტა” წერს, რომ ამასობაში, ადამიანები საზღვარზე დგანან და გადატანის ნებართვას ელოდებიან – მიმოზა ფუჭდება, ადამიანები ზარალდებიან. ქალები, რომლებიც მცენარეები საზღვარზე მიაქვთ, მიმოზას ტოვებენ და შინ ბრუნდებიან.
