“მოხალისეები გურიისთვის” – ასე ჰქვია ფეისბუქ-ჯგუფს, რომელიც დიდთოვლობითა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად შეიქმნა.
რამდენიმე დღეა თოვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თოვლის მასა განსაკუთრებით დიდია დასავლეთ საქართველოში, აჭარასა და გურიაში. სოფლების ნაწილის არ მიწოდებია ელექტროენერგია, გაზი, ჩაკეტილია გზები.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, დიდთოვლობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მსხვერპლი მოჰყვა. გამოცემის ცნობით, კონჭკათში დაიღუპა კაცი, რომელიც მეზობელს სახლის სახურავის თოვლისგან გაწმენდაში ეხმარებოდა.
მოხალისეები თვითორგანიზებულად ცდილობენ შექმნან ჯგუფები, რომლებიც ფიზიკურად დაეხმარებიან ჩაკეტილ სოფლებში დარჩენილ მოქალაქეებს გურიაში. ასევე, ცდილობენ ტექნიკის მობილიზებას, ფულის შეგროვებას სხვადასხვა საჭიროებისთვის, დამხმარე რესურსების მობილიზებას და ა.შ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, შრომას თემში მყოფი მარი ჩხაიძე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს, სადაც ჰყვება სოფელში არსებულ სიტუაციაზე. მისი თქმით, არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი – თოვლს ადნობს წყლისთვის – და ეწურებათ საჭმლის მარაგიც. ახლოს მცხოვრები მეზობლები ერთმანეთს ეხმარებიან, თუმცა მათ არ აქვთ კომუნიკაცია მეზობელ სოფლებში მცხოვრებლებზე, სადაც, სავარაუდოდ, რელიეფიდან გამომდინარე, უფრო რთული სიტუაციაა.
“სამაშველომ გადაყვანაში ვერ დაგეხმარებით. ორი დღეა ვრეკავ ჩემი სახურავი ვერ გაუძლებს ბავშვებით ვარ იქნებ გადამიყვანოთ უსაფრთხო ადგილზე მეთქი გუშინ მოვიდნენ ღამის 12 საათზე მაგრამ ვერ გავყვებოდი ბავშვებს ეძინა. ფოთში ვერ წაგიყვანთ მხოლოდ გურიის რეგიონში შეგვიძლიაო. ურეკში კიდევ იგივეა რაც შრომაში. და ისევ ჩემს სახლში მირჩევნია”, – წერს ჩხაიძე თავისივე გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში.
