ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ორშაბათს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავზე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარში, ჩინეთის პრეზიდენტმა „უსაზღვრო“ პარტნიორობა მას კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ორი ქვეყნის ლიდერთა საუბარი შედგა იმ დროს, როდესაც შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინაში ომის სწრაფად დასასრულებელი შეთანხმების მიღწევას ცდილობს და აჩენს იმის პერსპექტივას, რომ შესაძლოა ვაშინგტონმა სი ძინპინსა და პუტინს შორის განხეთქილება შეიტანოს და ყურადღება მსოფლიოს მეორე უდიდეს ეკონომიკასთან კონკურენციაზე გაამახვილოს.
სატელეფონო საუბარი ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გამოიყურებოდა, როგორც ნებისმიერი ასეთი პერსპექტივის უარყოფა. ორმა ლიდერმა ხაზი გაუსვა მათი მოკავშირეობის გამძლეობას და „ხანგრძლივ“ ბუნებას, რომელსაც საკუთარი „შიდა დინამიკა“ აქვს და ნებისმიერი „მესამე მხარე“ მასზე გავლენას ვერ მოახდენს.
დონალდ ტრამპმა არაერთი ევროპელი ლიდერი შეაშფოთა იმით, რომ რუსეთის წარმომადგენლებთან შეხვედრის და უკრაინის თაობაზე შესაძლო მოლაპარაკებების დაწყების პროცესში ისინი არ ჩართო.
ეს პუტინისა და სი ძინპინისთვის, ორივე ლიდერისთვის წელს მეორე სატელოფონო საუბარი იყო მას შემდეგ, რაც იანვარში იმსჯელეს იმის თაობაზე, თუ როგორ დაემყარებინათ ურთიერთობა ამერიკის ახალ პრეზიდენტთან.
2022 წლის თებერვალში პუტინის მიერ უკრაინაში ათობით ათასი ჯარისკაცის გაგზავნის წინა დღეებში, ჩინეთმა და რუსეთმა „უსაზღვრო“ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს. გასულ ათწლეულში სი ძინპინი პუტინს 40-ზე მეტჯერ შეხვდა და ბოლო თვეებში პუტინი ჩინეთს „მოკავშირედ“ იხსენიებს.
პეკინმაც უარი თქვა მოსკოვი უკრაინაში დაწყებული ომის გამო დაეგმო, რის შედეგადაც, ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან თავისი ურთიერთობა დაძაბა.
