„ჩვენ მხარს დავუჭერთ პროექტებს, რომელიც საქართველოს და უზბეკეთის რესპუბლიკის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“ – დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს კახრამონ იულდაშევს შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება.
„ეკონომიკის განვითარებაში სოფლის მეურნეობის სექტორის წილი საკმაოდ დიდია. ბოლო წლებში, საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის სოფლის მეურნეობის პროდუქციით ვაჭრობა გაიზარდა, თუმცა, ვიმედოვნებ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ პროექტებს, რომელიც ორი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტებისა და სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლების გაფართოებული შეხვედრაც გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ხელმძღვანელობდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მევენახეობა-მეღვინეობის, მეაბრეშუმეობის, მეჩაიეობის, კაკლოვანი კულტურების და ციტრუსის დარგებთან დაკავშირებულ სხვადასხვა მიმართულების თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო სამეცნიერო და საგანმანათლებლო თემებს და სოფლის მეურნეობის სექტორში კადრების გადამზადების მნიშვნელობას.
„ვფიქრობ, რომ ყველანაირი რესურსი გვაქვს, ტვირთბრუნვის მიმართულებით პოზიტიური ძვრები გვქონდეს. ვიცი, თქვენი ინტერესია ქვეყანაში მეაბრეშუმეობის აღორძინება; უზბეკეთს ამ კუთხით კარგი გამოცდილება აქვს და მზად ვართ, ეს ცოდნა გაგიზიაროთ. თქვენგან ვაზის ქართული საღვინე ჯიშებით ვართ დაინტერესებული და ვიმედოვნებ, უახლოეს მომავალში მოხდება მათი გაშენება უზბეკეთში“, – განაცხადა კახრამონ იულდაშევმა.
მხარეები ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის განვითარების 2025-2027 წლების საგზაო რუკის შემუშავებაზე შეთანხმდნენ, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული გეგმები და შესრულების ვადები.
ვიზიტის ფარგლებში, უზბეკეთის რესპუბლიკის დელეგაცია ღვინის ეროვნულ სააგენტოს და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას მოინახულებს და სამუშაო შეხვედრებს სხვადასხვა ასოციაციის და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან გამართავს.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს
