უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია, მან მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია – ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა
უკრაინაში მიმდინარე ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიო კოსტას და ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
“სამი წლის წინ რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი და უკანონო აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთის სასტიკი ომი განზრახ ესხმის თავს სამოქალაქო და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. უკრაინელმა ხალხმა გამოიჩინა მამაცობა საკუთარი ქვეყნისა და საერთაშორისო სამართლის ძირითადი პრინციპების დასაცავად. ამ ომსა და უკრაინელი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთს და მის ხელმძღვანელობას ეკისრება. ჩვენ ვაგრძელებთ მოწოდებას, რომ ყველა სამხედრო დანაშაულისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულზე პასუხი უნდა აგონ. მივესალმებით ბოლო დროს გადადგმულ ნაბიჯებს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის მიმართულებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა ხაზს უსვამენ, რომ უკრაინის ადგილი ევროკავშირშია.
„უკრაინა ჩვენი ევროპული ოჯახის ნაწილია. უკრაინელებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალი ევროკავშირს დაუკავშირონ. ჩვენ ეს ვაღიარეთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებით და გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დავიწყეთ. უკრაინამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია გაწევრიანებასთან დაკავშირებულ რეფორმებში ყველაზე რთულ ვითარებაში. ჩვენ უკვე ვახორციელებთ უკრაინის ინტეგრირებას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. უკრაინისა და მისი მოქალაქეების მომავალი ევროკავშირშია“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოსტა და რობერტა მეცოლა აცხადებენ, რომ რთულ საერთაშორისო და გეოპოლიტიკურ გარემოში უკრაინასთან ტრანსატლანტიკური და გლობალური სოლიდარობია შენარჩუნების მნიშვნელოვანია.
„ხაზს ვუსვამთ უკრაინის მხარდაჭერაზე საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი ფოკუსირების უზრუნველყოფის საჭიროებას ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სამშვიდობო ფორმულას დაეფუძნება. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვადასტურებთ, რომ მშვიდობა, უსაფრთხოება და სამართლიანობა გაიმარჯვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ipn.ge
