ასე იწყებოდა მიქაუტაძისა და კვარაცხელიას გუნდების დაპირისპირება მატჩამდე წუთებით ადრე – რა გააკეთა “ლიონის” მფლობელმა პსჟ-ის პრეზიდენტის საპასუხოდ [VIDEO]
ლიგა 1-ის ოცდამესამე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა გასვლაზე გიორგი მიქაუტაძის “ლიონი” 3:2 დაამარცხა და გულშეტკივარმაც შესანიშნავი მატჩი იხილა, თუმცა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტის შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა.
“ლიონის” მფლობელი ჯონ ტექსტორი მოედანზე “კოვბოის” ქუდით გამოჩნდა და თავისი გუნდის ფანებს მიესალმა, რის შემდეგაც მოედანი დატოვა. ყოველივე ამას კი რამდენიმე დღის წინ განვითარებული მოვლენები უძღოდა.
ტექსტორმა პსჟ-ის პრეზიდენტ ნასერ ალ-ხელაიფთან ლიგა 1-ის სატელევიზიო უფლებების განსახილველად შეხვედრაზე უარი განაცხადა.
მიქაუტაძის კლუბის მფლობელმა კვარაცხელიას გუნდის პრეზიდენტი ადამიანთა დაშინებასა და ტირანიაში დაადანაშაულა, რასაც ალ-ხელაიფიმ
უპასუხა:
“ჯონ, შეწყვიტე ლაპარაკი! შენ არაფერი გესმის! შენ ხარ… არ ვიცი, “კოვბოი”… არ ვიცი საიდან მოდიხარ და გველაპარაკები” , – თქვა ალ-ხელაიფმა.
როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, ტექსტორმა ამ ყოველივეს ორიგინალურად უპასუხა და შეხვედრის დაწყებამდე “კოვბოის” ქუდით გამოჩნდა, მატჩის მიმდინარეობისას კი საპატიო ლოჟაში ქუდი უკვე აღარ ეფარა.
