დღეს მასატო კანდამ ოფიციალურად დაიკავა აზიის განვითარების ბანკის მეთერთმეტე პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შესახებ ინფორმაციას აზიის განვითარების ბანკი (ADB) ავრცელებს.
“ჩემთვის დიდი პატივია გავხდე ADB-ის პრეზიდენტი ჩვენი რეგიონისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს. ჩვენი 69 წევრი ქვეყნის ნდობითა და ჩვენი ერთგული თანამშრომლების თანადგომით, მზად ვარ შემდგომ საფეხურზე ავიყვანო ADB-ის მისია მდგრადი, მრავალმხრივი და მედეგი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად. ერთმანეთის თანადგომით შევძლებთ გავუმკლავდეთ განვითარების კრიტიკულად მნიშვნელოვან გამოწვევებს და უზრუნველვყოფთ, რომ ADB დარჩეს რეგიონში სასურველ პარტნიორად,”- განაცხადა მასატო კანდამ.
ADB-ის ცნობით, მასატო კანდა გააგრძელებს წინამორბედის, მასაცუგუ ასაკავას მემკვიდრეობას —სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და ინოვაციების გზას. საერთაშორისო ფინანსებსა და განვითარების პოლიტიკაში თითქმის ორმოცწლიანი გამოცდილების მქონე კანდა აღიარებულია თავისი წინდახედული ლიდერობითა და გადამწყვეტი ჩარევებით ბაზრის არასტაბილურობის პერიოდებში. იაპონიის საერთაშორისო ურთიერთობების ფინანსების ვიცე-მინისტრობის დროს მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინოვაციური ფინანსური გადაწყვეტილებებისა და პოლიტიკის აღრულებაში, რამაც ბაზრების სტაბილიზებას შეუწყო ხელი.
“მასატო კანდას პრეზიდენტის თანამდებობაზე დანიშვნა ხაზს უსვამს ADB-ის მუდმივ ევოლუციას და აღებულ ვალდებულებას, დააკმაყოფილოს განვითარებადი წევრი ქვეყნების სწრაფად ცვალებადი საჭიროებები. ვინაიდან ბანკი სტრატეგიული განვითარების ახალ ფაზაში გადადის, მისი მმართველობა დაემყარება ADB-ის ძლიერ მემკვიდრეობას და უზრუნველყოფს ინსტიტუციის მზადყოფნას მომავალი გამოწვევებისა და შესაძლებლობებისთვის.
ADB-ის მმართველთა საბჭომ მასატო კანდა პრეზიდენტად ერთხმად აირჩია, რაც აჩვენებს საბჭოს ღრმა რწმენას, რომ ის შეძლებს ბანკის სწორი მიმართულებით წაყვანას მნიშვნელოვანი ცვლილებების დროს. რთული ეკონომიკური პოლიტიკის მართვასა და მულტილატერალურ გარემოში მუშაობის მისი ხანგრძლივი გამოცდილება შეუფასებელი იქნება ორგანიზაციაში, რომელიც განაგრძობს სწრაფად ცვალებად გლობალურ გარემოსთან ადაპტირებას.
ADB არის წამყვანი მრავალმხრივი განვითარების ბანკი, რომელიც მხარს უჭერს მდგრად, ინკლუზიურ და მედეგ ეკონომიკურ ზრდას აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში. ADB მუშაობს რა წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან ერთად კომპლექსური გამოწვევების დასაძლევად, ეყრდნობს ინოვაციურ ფინანსურ ინსტრუმენტებს და სტრატეგიულ თანამშრომლობას, რათა გარდაქმნას ადამიანების ცხოვრება, შექმნას ხარისხიანი ინფრასტრუქტურა და დაიცვას ჩვენი პლანეტა. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაციის მფლობელია 69 წევრი ქვეყანა, მათ შორის 49 რეგიონიდანაა წარმოდგენილი,”-ნათქვამია ADB-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
