აჭარის რეგიონში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. თოვის გამო, როგორც მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში, ასევე დაბლობში სატრანსპორტო გადაადგილების პრობლემები შეიქმნა.
როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, გართულებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ერთი დღით შეჩერდა.
„რეგიონში არსებული გართულებული მეტეოროლოგიური პირობების, მოსალოდნელი უამინდობისა და ქარის გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება 24 თებერვალს სააღმზრდელო პროცესის ერთი დღით შეჩერების თაობაზე. სააღმზრდელო პროცესი განახლდება 25 თებერვალს“, – აცხადებენ ბათუმის მერიაში.
ასევე, ხულოს მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ქარბუქის გამო, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება
„რთული მეტეოროლოგიური პირობების – დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ქარბუქის გამო, ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღმზრდელთა და აღსაზრდელთა უსაფრთხოების მიზნით, 24 და 25 თებერვალს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული იქნება. სააღმზრდელო პროცესი 26 თებერვალს განახლდება“, -აცხადებენ ხულოს მერიაში.
ამასთან, აჭარის მუნიციპალიტეტებში, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს.
