სამი წლის განმავლობაში გაეროს მიერ დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემებით, უკრაინაში დაიღუპა 12 600-ზე მეტი და დაშავდა 29 000-ზე მეტი სამოქალაქო პირი. რეალურად მსხვერპლი გაცილებით დიდია, რადგან არ არსებობს მონაცემები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაღუპულებისა და დაჭრილების შესახებ.
უკრაინის ხელისუფლების თანახმად, სამი წლის განმავლობაში რუსეთთან ომში დაიღუპა 46 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი. ეს 2025 წლის თებერვალში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა ტელეკომპანია NBC News-სთან ინტერვიუში.
რუსეთმა ოფიციალურად ბოლოს 2022 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ უკრაინაში 6 ათასამდე რუსი სამხედრო დაიღუპა. სამი წლის განმავლობაში დაღუპული 95 026 რუსი სამხედროს ვინაობა საჯარო წყაროების მიხედვით დაადგინეს BBC-ს რუსულმა სამსახურმა და გამოცემა „მედიაზონამ“. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მედიასაშუალებების მიერ ნეკროლოგების, სასაფლაოების და სამხედრო მემორიალების კვლევის საფუძველზე დადგენილი რიცხვი დაღუპულთა რეალური რაოდენობის 45-65%-ია.
უკრაინის სოციალური პოლიტიკის სამინისტროს 2024 წლის დეკემბერში აღრიცხული ჰყავდა ომის დაწყების შემდეგ ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებული 3,6 მილიონი მოქალაქე.
გაეროს მონაცემებით, 2025 წლის იანვრისთვის მსოფლიოში რეგისტრირებული იყო თითქმის 6,9 მილიონი უკრაინელი ლტოლვილი, მათგან 6,3 მილიონი – ევროპის ქვეყნებში. ომის დაწყებამდე უკრაინის მოსახლეობა 40 მილიონზე მეტი იყო.
გაეროს მონაცემებით, უკრაინაში დაზიანებული, ან დანგრეულია სახლების 10%-ზე მეტი, რაც ნიშნავს, რომ სულ მცირე 2 მილიონი ადამიანი ადეკვატური საცხოვრებლის გარეშე დარჩა. ომის განმავლობაში დაზიანდა, ან დაინგრა 3600-ზე მეტი სკოლა და უნივერსიტეტი. გაეროს ცნობითვე, უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება 12,7 მილიონ ადამიანს.
კიევის ეკონომიკის სკოლა, რომელიც რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის ეკონომიკურ დანაკარგებს აღრიცხავს, აღნიშნავს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის ქვეყნის ინფრასრუქტურისთვის მიყენებული ზიანი 170 მილიარდ დოლარს აჭარბებდა. ყველაზე მეტად დაზარალდნენ საცხოვრებელი ფონდი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
· რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.
· პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.
· უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის” აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
· 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
· 2014 წლიდან რუსეთის მიერ ანექსირებულია უკრაინის ყირიმის ნახევარკუნძული და ქალაქი სევასტოპოლი.
· პუტინის ხელისუფლება ომის დასრულების პირობებად ასახელებს უკრაინაში უკვე ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ნაწილად აღიარებას და უარს ნატოში უკრაინის მიღებაზე.
· უკრაინა აცხადებს, რომ თავის ტერიტორიებზე უარს არასდროს იტყვის და მოითხოვს უსაფრთხოების მყარ, საერთაშორისო გარანტიებს.
ფორუმი
