მარანი „ჭურისთავი“ წელს საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ტურისტული ობიექტის დამფუძნებელმა, მარიამ ხარშილაძემ BM.GE-სთან ისაუბრა.
აღსანიშნავია, რომ მარანი „ჭურისთავი“ იმერეთში, სოფელ გამოღმა არგვეთში მდებარეობს და 2017 წლიდან ოპერირებს. მარანში 4 სახის ღვინო იწარმოება. 2 კახური ჯიში, კერძოდ საფერავი და მწვანე. ასევე, 2 იმერული ჯიში, ძველსავსა და ხოლიკაური. მათი ღვინოები მხოლოდ ადგილზე, მარანში იყიდება. მარანი გარდა ღვინის წარმოებისა, აქტიურად მასპინძლობს სტუმრებს. მათი სერვისი ღვინის დეგუსტაციებსა და გასტრონომიულ მასტერკლასებს მოიცავს. ამასთან, მარანში ეთნო მუზეუმია მოწყობილი, სადაც სივრცე ორ საუკუნოვანი ნივთებითაა მოწყობილი.
ხარშილაძის თქმით, სასტუმრო მათ სახლში, მეორე სართულზე იქნება განთავსებული, რომელიც მარანთან ახლოს მდებარეობს. მისივე თქმით, სასტუმროს მოსაწყობად, სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, წლის ბოლოს უკვე დასრულებული იქნება.
„სასტუმრო, სახლის მეორე სართულის გადაკეთება და ოთხი ნომრისგან იქნება შემდგარი. მასში 15-მდე ადამიანის განთავსება იქნება უზრუნველყოფილი. სასტუმროს გახსნა, მოთხოვნამ განაპირობა. ჩვენი სტუმრები ხშირად ამბობდნენ: „კარგი იქნებოდა, დარჩენის შესაძლებლობა ყოფილიყო“. თან საჩხერეში სასტუმრო ნაკლებად არის. წელს თუ არა, გეგმაში მაქვს რომ მომავალ წელს მაინც მივიღო ტურისტები
სასტუმროს სრულად მოსაწყობად, დაახლოებით 150 000 ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ“, – ამბობს ხარშილაძე.
მარნის „ჭურისთავი“ დამფუძნებელი, ამ ეტაპზე განთავსების ღირებულებაზე ვერ საუბრობს, რადგან მერყევი ბაზრის გამო, ფასები მუდმივად იცვლება.
