ივანიშვილის გუნდი ასოცირების შეთანხმების დარღვევაშია მხილებული – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ საჯარო მოხელეების წინააღმდეგ მოწყობილი რეპრესიები ევროპისთვის მიცემული პირობის გატეხვას ნიშნავს.
თინა ხიდაშელი აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ” საჯარო მოხელეების დაცვის მექანიზმი სრულად მოშალა, რაც ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაპოვარი იყო.
“საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, ახლა უკვე თავდაცვის სამინისტროშიც გაუქმდა საჯარო სამსახურის ბიურო. უკვე კანონი მიიღეს ამის შესახებ. მთავარი დაცვის მექანიზმი მოშალეს, რომელიც საჯარო მოხელეებს იცავდა და ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაპოვარი იყო. კარიერული განვითარების პროცესის გაჩერება არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინება სწორედ ამ ანტიევროპული ქმედებისა და ასოცირების ხელშეკრულების საწინააღმდეგოდ მოძრაობის, რამაც კიდევ უფრო უნდა დაგვაშოროს ევროკავშირში გაწევრიანებასთან”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
რეორგანიზაციის სახელით შეფუთული რეპრესიები სამინისტროებში – მესამე სექტორს აქვს ინფორმაცია, რომ დასჯის ახალი სერია ახლა თავდაცვის სამინისტროშია დაწყებული.
მათივე ინფორმაციით, უსამსახუროდ ტოვებენ იმ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც პეტიციაზე აქვთ ხელი მოწერილი და საქართველოს ასი ათასობით სხვა მოქალაქის მსგავსად, ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
წყარო: tv pirveli
