“ქართული ოცნების” მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი გორში არსებულ თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის „ქართული ხიზილალა“ დამფუძნებელმა, ალექსანდრე დადიანიძემ ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, შეხვედრაზე სამინისტროს წარმომადგენლებმა საქართველოს აკვაკულტურის პოტენციალის, არსებული ვითარების და სიახლეების საკითხები განიხილეს. ამასთან, ისაუბრეს თანამედროვე ლაბორატორიის შესახებ, რომელიც თევზის განვითარების ნებისმიერ სტადიაზე შეძლებს დიაგნოსტირებას და დაავადების გამოვლენას.
“შეხვედრა სოფლის მეურნეობასთან არსებულ ლაბორატორიასთან დაკავშირებით იყო, რომელიც თანამედროვე სტანდარტებით გაკეთდა. ვფიქრობ, რომ ბოლო სიტყვაა ამ ინდუსტრიაში. ზოგადად თევზსაშენების პრობლემა დაავადებები იყო და ნაკლებად ხდებოდა დიაგნოსტირება რა დაავადებასთან გვქონდა საქმე, ეს იყო ბაქტერიული დაავადება, ვირუსული თუ სხვა. ახლა კი, ამ ლაბორატორიის დახმარებით ნებისმიერ სტადიაზე შესაძლებელი იქნება თევზის დიაგნოსტირება.
ჩვენ განსაკუთრებული პრობლემები ამ კუთხით არ გვქონია, თუმცა შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი პროექტია”, – ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
