მაკა ბოჭორიშვილის ძვირადღირებული სამოსი – როგორ, როდიდან გამდიდრდა ივანიშვილის მინისტრი? – მედია

ტვ პირველის ცნობით, “ქართული ოცნების” არაღიარებული მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი იმ ჩინოვნიკებს შორისაა, ვინც ათი ათასობით ლარის ღირებულების, მსოფლიო დიზაინერების სამოსს ყიდულობს.
· “ბოტეგა ვენეტას” პიჯაკი, მაკა ბოჭორიშვილს უნგრელ მინისტრთან შეხვედრაზე ეცვა. იტალიური ბრენდის ამ ქმნილების ღირებულება 1799 ევროა. ახლა ახალი კოლექციის ფონზე ფასი განახევრებულია, თუმცა ვიდეო და ფოტო მასალის შესწავლის შედეგად ვადგენთ, რომ ბოჭორიშვილმა ცნობილი მოდის სახლის სამოსი კოლექციის გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე, ფასდაკლებამდე ბევრად ადრე შეიძინა. სოციალურ ქსელში ლუქს კლასის პიჯაკში გადაღებული ფოტო 2023 წლის 30 ნოემბრით თარიღდება. რაც ნიშნავს იმას, რომ დეპუტატმა სამოსი გაყიდვაში ჩაშვებიდან მალევე იყიდა და დაახლოებით 5,325 ლარი გადაიხადა.
· წითელი ფერის პიჯაკი “ფერაგამოს” მოდის სახლმა შეკერა – ღირებულება 2466 დოლარია. 6900 ლარი ბოჭორიშვილმა მხოლოდ ერთ პიჯაკში მაშინ გადაიხადა, როდესაც მისი ხელფასი პარლამენტში დეპუტატის თანამდებობაზე 4 454 ლარი იყო.
· სავარაუდოდ დეპუტატობისას შეიძინა “ივსენ ლორანის” ლურჯი პიჯაკიც, რომლის ღირებულებაც 6,725 ლარია.
“შაბათის ეთერი” დაინტერესდა, რა სახსრებით შეძლო ძვირადღირებული ტანისამოსისა და უძრავი ქონების შეძენა ქალმა, რომელმაც წლები საჯარო სამსახურში გაატარა. ბოჭორიშვილმა კითხვებმა გააღიზიანა, ამტკიცებს, რომ ბრენდული ნივთების შეძენაში ბევრად ნაკლებს ხარჯავს. არადა სულ სხვაზე მიუთითებს ლუქს ბრენდების ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია:
· “ემპორიო არმანის” პიჯაკის, ღირებულებაა, 895 დოლარია, ანუ დაახლოებით 2500 ლარი. “ნინა რიჩის” კაბა კი, რომელიც მაკა ბოჭორიშვილს 2023 წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში ვიზიტისას აცვია, 1280 $ ანუ, დაახლოებით 3584 ლარი ღირს.
· საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატად წარდგენისას ოცნების ოფისში ბოჭორიშვილი “ალტუზარას” 4,700 ლარის ღირებულების ცისფერი ორეულით მივიდა.
· მის მდიდრულ კოლექციაშია “მაქსმარას” და “ფინქოს” ბრენდის პიჯაკებიც.
არაბთა გაერთიანებული საამიროების შეიხთან შეხვედრაზე კი, ივანიშვილის რეჟიმის არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი “ვიქტორია ბექჰემის” პიჯაკით მივიდა. ამ პიჯაკის ღირებულება 850 ევროა. “ვიქტორია ბექჰემის” 570 ევროს ღირებულების კაბა ეცვა ბოჭორიშვილს სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრაზე.
მაშინ როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ამტკიცებდა, რომ ამბავი მისი ძვირადღირებული ტანსაცმლის და აქსესუარების შესახებ ტყუილია, ხელთ “ივ სენ ლორანის” 1899 დოლარიანი ჩანთა ეკავა.
საჯარო მოხელის შემოსავლების და გასავლებიც დეკლარირებას ექვემდებარება, ამას ითხოვს კანონი, მაკა ბოჭორიშვილის დეკლარაციებში, რომელიც ჩაკეტვამდე იძებნებოდა არსად წერია, შოპინგში დახარჯული დიდი ფულის წარმომავლობა.
უძრავი ქონება:
· პირველი საცხოვრებელი, 58 კვადრატული მეტრი ბინა თბილისში, თარხნიშვილის ქუჩაზე ჩინოვნიკმა 2019 წელს იყიდა და მაშინდელი კურსით 266 ათასი ლარი გადაიხადა. ბოლო ორ წელიწადში კი “ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა უძრავი ქონების შესაძენად 721 ათასი ლარი დახარჯა.
· მის საკუთრებაშია 109 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი სახლი ვერაზე, ახლად აშენებულ კორპუსში, რომელშიც 2024 წლის 14 მაისს 180 ათასი დოლარი გადაიხადა. 2022 წლის 17 თებერვალს იყიდა 1500 კვადრატული მეტრი მიწა წავკისში.
საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია, რომელზეც მაკა ბოჭორიშვილი მიუითითებს, საჯარო წყაროებიდან გააქრეს. 2024 წლის 29 ოქტომბრის საპარლამენტო ს შემდეგ, ანტიკორუფციულმა ბიურომ ვებგვერდი, სადაც დეკლარაციები იძებნებოდა დახურა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაკა ბოჭორიშვილის მფლობელობაში არსებული 5 უძრავი ქონებიდან ორს მართლაც ბანკის იპოთეკა ადევს, თუმცა უცნობია, რამდენია თანხა, რომელსაც ჩინოვნიკი სესხში იხდის.
“ქართული ოცნების” არალეგიტიმური მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი საცხოვრებელ სახლს ფლობს დიღომში, მდიდარი ქართველების დასახლებაში. ორსართულიანი სახლი მაკა ბოჭორიშვილის და მისი მეუღლის, ჯემალ რამიშვილის საკუთრებაა. ჯემალ რამიშვილის ავსტრიაში საქართველოს საელჩოს პოლიციის ატაშედ იყო დასაქმებული. ქონებას ბოჭორიშვილის ოჯახი ახლა არაბ ბიზნესმენზე აქირავებს. ბოლო საჯარო დეკლარაციის მიხედვით, ქირიდან მიღებულმა წლიურმა შემოსავალმა 25, 300 დოლარი შეადგინა. ანუ თვეში 2000 დოლარის დამატებითი შემოსავალი მიიღო, თუმცა ამ ფულით ბოჭორიშვილს ძვირადღირებული სამოსიც უნდა ეყიდა, ორი საცხოვრებელი სახლის იპოთეკური სესხიც უნდა გადაეხადა და თავიც ერჩინა.