“რუსეთის ბაზარი დამღუპველია და მთავრობამ იქიდან წამოსვლა უნდა წაახალისოს და არა შესვლა” – გოცირიძე

„გოცირიძის მეღვინეობის“ თანამდაფუძნებლის ანდრო გოცირიძის შეფასებით, ს ბაზარზე ქართული პროდუქციის, განსაკუთრებით, ღვინის ექსპორტის ზრდის გამო, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას უფრო ეკისრება, ვიდრე – მეწარმე-ექსპორტიორებს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, „რუსეთის ბაზარი დამღუპველია“.
„ყველას გახსოვთ, როგორ გამოყარეს ქართველები და გამოდევნეს ქართული ღვინო [რუსეთიდან]. მაშინ ამ ყველაფეერმა პოზიტიურად იმოქმედა ინდუსტრიაზე რადგან ღვინის ხარისხი ავწიეთ და ევროპის ბაზრის კარები შევაღეთ… რაც შეეხება მეწარმეებს, ვისაც რუსულ ბაზარზე გააქვს პროდუქტი, მიმაჩნია, რომ რუსეთის ბაზარზე ეს მეწარმეების პრობლემა არაა. მეც რომ მქონდეს დიდი კრედიტი, იძულებული ვიქნებოდი, თუკი ეს ბაზარი გაიხსნა, იქ შევსულიყავი; გასაგებია, მორალური ფაქტორები, მაგრამ ეს გადარჩენის ერთადერთი გზაა და სწორედ ამაშია სახელმწიფოს წვლილი – ჯერ ერთი არ უნდა გახსნას [რუსული] ბაზარი და მეორეც, რუსული ბაზრიდან წამოსვლა უნდა წაახალისო და არა იქ შესვლა“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ და მაგალითად, ყურძნის სუბსიდირების პროგრამა მოიყვანა, რომელზედაც ყოველწლიურად, გადასახადების გადამხდელების ათობით მილიონი ლარი იხარჯება.
„გოცირიძის მეღვინეობის“ თანადამფუძნებელს მიაჩნია, რომ თუ ბიუჯეტის ფული იხარჯება ღვინის ინდუსტრიის და ფერმერების მხარდაჭერისთვის, ის ევროპის და სხვა სტაბილურ ბაზრებზე შესასვლელად უნდა დაიხარჯოს.
„[ექსპორტიორი] უნდა წაახალისო თუნდაც სუბსიდირებით… მაგრამ ჩვენ ყურძნის რაოდენობას ვასუბსიდირებთ და სწორედ ამიტომ გლეხი და მეწარმე ორიენტირებულია ერთ ჰა-ზე 20-25 ტონა მოიყვანოს, რაც ვერანაირად ვერ იქნება მაღალი ხარისხის ყურძენი. ასეთი ყურძნისგან დამზადებული ღვინო კი, გერმანიაში ვერ გაიყიდება. სად იყიდება? – რუსეთში… თუმცა როცა [რუსეთს] დასჭირდება, მაშინვე დაბლოკავს ქართულ ღვინოს და შემდეგ ეს ხალხი, ვისაც რუსეთში ღვინით დატვირთული [ტრაილერები] ჰყავს გაგზავნილი, დადგება მთავრობის ადმინისტრაციის წინ მოთხოვნით – „დააბრუნეთ რუსეთი, რადგან შვილი მშიერი დარჩა“. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომი“, – ამბობს ანდრო გოცირიძე, რომელიც პროფესიით კიბერუსაფრთხოების სპეციალისტია.
„წერტილთან“ ინტერვიუში, მან „გოცირიძის მეღვინეობაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს, სავარაუდოდ, მარტიდან „გოძირიძის მეღვინეობის“ ღვინო ბერლინში, „8000 მოსავლის“ ქსელში გაიყიდება.
„წელს პირველად ჩვენც შევაღეთ ევროპის ბაზრის კარები“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება შიდა ბაზარზე ღვინის რეალიზაციას, ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი და საპროტესტო აქციები ღვინის გაყიდვებზეც აისახა, რადგან სხვადასხვა ღვინის ბუტიკი სწორედ რუსთაველის გამზირზე და მიმდებარედ არის.
„მმართველმა პარტიამ უნდა მოუხმოს გონიერებას – არის გამოსავალი, რომ დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი“, – განაცხადა ანდრო გოცირიძემ და გადაცემის წამყვანის ტრადიციული კითხვის პასუხად თქვა, რომ საქართველოში ანტიდასავლურ პროპაგანდას და ხელისუფლებაში მუდმივად ყოფნის სურვილს უნდა დაესვას წერტილი.
„დემოკრატიის გარეშე საქართველო სუვერენიტეტსაც დაკარგავს. საქართველოს სუვერენიტეტის ერთადერთი გარანტი კი, დემოკრატიული განვითარებაა“, – აცხადებს უსაფრთხოების სპეციალისტი.