პოლიტოლოგი, დავით ზურაბიშვილი:
მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა კი არა პრაქტიკულად პოლიტიკური მიწისძვრა გამოიწვია დონალდ ტრამპის განცხადებებმა პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ და უკრაინაში ომის თაობაზე. იყო უამრავი კომენტარი, განცხადება, შეფასება; სტატიები დაიწერა და სიუჟეტები გადაიცა. სოციალურ ქსელებშიც ეს იყო მთავარი თემა.
თუ გავითვალისაწინებთ იმას, რომ ტრამპმა ამ თემებზე პრაქტიკულად ის ილაპარაკა, რასაც კობახიძე, კალაძე, მდინარაძე, ზარქუა და პაპუაშვილი ყოველდღე გვეუბნებიან ბრიფინგებსა და ინტერვიუებში, შემდგომ ამასვე ადასტურებენ მათივე ექსპერტები სახელისუფლო ტელევიზიებში და ბოლოს ტროლ-ბოტების კონვეიერიც იგივე მესიჯებს უშვებს სოცქსელებში, თითქოსდა ლოგიკური იყო ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ქართული ოცნების მხრიდან პოზიტიურ გამოხმაურებათა მთელი კასკადი მოჰყოლოდა და თუ პირადად ზელენსკის გალანძღვა არ სურდათ (თუმცა, რატომაც არა?), ის მაინც ხომ შეეძლოთ ეთქვათ, თუ რა ბრძენი კაცია ბიძინა ივანიშვილი, ყველაფერი სწორად რომ გათვალა და ქვეყანა აარიდა ომს და უბედურებას, საითაც გვექაჩებოდა აწ გაფარჩაკებული კოლექტიური ნაცმოძრაობა გლობალური ომპარტიის და დიფსთეითის დავალებით? ამაზე კარგი მომენტი თითქოს რა უნდა ყოფილიყო მორიგი პროპაგანდისტული კამპანიისთვის? მე შენ გეტყვი აქამდე არ უთქვამთ მსგავსი რამ და ამაზე უარესებიც თუ რა? მაგრამ არა! არაფერი ამის მსგავსი არ ხდება. გუშინ მთელი დღე ველოდებოდი, აბა რამეს თუ იტყვიან მეთქი, მაგრამ ამაოდ. ერთი პაპუაშვილი გამოვიდა მხოლოდ და იმანაც საქართველოში ენდიაის ყოფილ ხელმძღვანელს და ამჯერად მაკკეინის ინსტიტუტის წევრს ლორა თორნტონს აგინა, როგორც დიფსთეითის მავნე გადმონაშთს, ისიც სულ სხვა თემაზე და ოცნების კვალობაზე არც ისე მკვახედ. სხვა მხრივ კი, დღევანდელი დილის ჩათვლით, გვაქვს დუმილი საკვირველი, არსიდან ხმა, არსით ძახილი!… მე პირადად მაქვს ჩემი მოსაზრება, თუ რატომ დუმს ოცნება და რატომ არა აქვს ახლა გაჩაღებული პროპაგანდისტული კამპანია “აბა ჩვენ რას ვამბობდით” პათოსით და მოგვიანებით ვიტყვი ალბათ ამაზეც, მაგრამ რამდენადაც ფრენდლისტში არაერთი ჭკვიანი და საპატივცემულო ადამიანი მყავს, მათი ახსნა და ინტერპრეტაცია მაინტერესებს ამ, ერთი შეხედვით პარადოქსული ფაქტის. თან ბარემ იმასაც ვნახავდი, ემთხვევა თუ არა მათი აზრები ჩემს ახსნას.
რას იტყვით?