სალომე ზურაბიშვილს დღეს ნამდვილად აქვს რეიტინგი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკოსს. ამიტომ მისი პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს დგას ქუჩაში, – ამის შესახებ „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
როგორც თოლორაიამ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ისეთი პოლიტიკური პლატფორმების შექმნა, მათ შორის სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც კრიზისიდან გამოსავლის ძებნაში დაგვეხმარება.
„ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური ნიშნით, განსხვავებული აზრის მქონე პირთა დევნა ამ ქვეყნისთვის უკვე ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მათთვის არანაირი დაბრკოლება არაა, თავს ესხმიან აბსოლუტურად ყველას. ის, რაც ჩვენ პრეზიდენტის წინააღმდეგ ვნახეთ აეროპორტში, არის დევნა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია. ეს არის დევნა პოლიტიკური ნიშნით, რაზეც რეაგირება საგამოძიებო უწყებების მხრიდან უნდა ყოფილიყო.
ზოგადად, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პლატფორმები, რომლებიც ამ კრიზისიდან გამოსავლის ძებნაში შეიძლება დაგვეხმაროს, მათ შორის, ქალბატონ სალომესთან.
სალომე ზურაბიშვილს დღეს ნამდვილად აქვს რეიტინგი ამ ქვეყანაში, როგორც პოლიტიკოსს. ამიტომ, მისი პოზიციები ძალიან მნიშვნელოვანია იმ ხალხისთვის, რომელიც დღეს დგას ქუჩაში. ქუჩაში დგომა, სამწუხაროდ, დღეს ერთადერთი გამოსავალია, რაც დაგვრჩა. ამიტომ, სალომე ზურაბიშვილის პოზიციაც, რომ ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
