უკვე ორი დღეა, კახეთში გადაუღებლად თოვს, რამაც რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში პრობლემები გამოიწვია.
დიდთოვლობის გამო მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა შეწყვიტა, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე მოძრაობა მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილებისთვისაა ნებადართული.
გზის ამ მონაკვეთს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ, რათა უსაფრთხო გადაადგილება უზრუნველყონ.
„მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით გავაჩერეთ. ამ დროისთვის გზები იწმინდება“, – განაცხადა თელავის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა.
უხვი ნალექის შედეგად ელექტრომომარაგებაც შეფერხდა. კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ელექტროენერგიის გარეშე ასობით აბონენტია დარჩენილი.
კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ელექტროენერგია ძირითადად ავარიულ რეჟიმში გაითიშა. მათი ტექნიკური ჯგუფები დაზიანებების აღდგენაზე მუშაობენ და ელექტრომომარაგების ეტაპობრივად აღდგენას უზრუნველყოფენ.
კახეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრებში აცხადებენ, რომ სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეჩერებულა, თუმცა მოსწავლეთა უმრავლესობა გაკვეთილებზე არ გამოცხადდა.
„ჩვენი მხრიდან შეფერხება არ არის, თუმცა, თელავის მაგალითზე ვიტყვი, რომ სკოლებში მოსწავლეთა დაახლოებით 80-90% არ მივიდა. სხვა პრობლემა ამ ეტაპზე არ გვაქვს“, – აღნიშნა თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, მარიამ რომანიშვილმა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, კახეთში თოვა 21 თებერვლის დღის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო მომდევნო დღეებში მოსალოდნელია ძლიერი ყინვა.
