ხალხის მრისხანება შესაძლოა, ძალიან სწრაფად აზვირთდეს და თუ ადამიანებმა დაკარგეს რწმენა, რომ პოლიტიკური გამოსავალი კიდევ ხელმისაწვდომია, შეიძლება უმართავი პროცესები ვიხილოთ – ეს ძალადობა არის სპირალი, რომელმაც შესაძლოა მძიმე შედეგისკენ წაგვიყვანოს, – ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” უმთავრესი ღირებულება არის ძალაუფლება და ფული და „მეტი ინსტრუმენტი აღარ დარჩა, გარდა იმისა, რომ ხალხი შეაშინოს და ფიზიკურად დასაჯოს“.
რაც შეეხება იმას, რომ მოქალაქეებს ქუჩაში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ადამიანები აკავებენ, ცუცქირიძე ფიქრობს, რომ „ეს პოლიციელების შეურაცხყოფაა“.
„როდესაც უგულებელყოფ საზოგადოების ნებას და თანამოქალაქეების წინაშე მიმართავ უკანონო, მიზანმიმართულ ძალადობას, ეს აუცილებლად დაბრუნდება. არ მჯერა, რომ საქართველოში შეიძლება დიქტატურამ გაიმარჯვოს, ბატონ-ყმური წყობილება დაბრუნდეს. ამიტომ, მგონია, ამ ადამიანებმა საკუთარ მომავალზე უნდა იფიქრონ, რადგან ხალხის მრისხანება შესაძლოა, ძალიან სწრაფად აზვირთდეს და თუ ადამიანებმა დაკარგეს ნდობა და რწმენა, რომ პოლიტიკური გამოსავალი კიდევ ხელმისაწვდომი და შეიძლება, უმართავი პროცესები ვიხილოთ. ეს ძალადობა არის ის, რაც არის სპირალი, რომელმაც შესაძლოა ძალიან სწრაფად წაგვიყვანოს ძალიან მძიმე შედეგისკენ, მათ შორის უმართავი პროცესებისკენ და ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პარტიას, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კონტროლი სისტემაზე. ამიტომ, მათი პასუხისმგებლობაა ეს ერის, ქვეყნის და ადამიანების სიცოცხლის წინაშე. ასეთი დამცირებული პოლიცია, რაც ბოლო დღეებში ვნახე, არ მინახავს. ადამიანებმა დაკარგეს მათი რწმენა“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების მიმართ ჯარიმები და ძალადობა მიმართულია იმისკენ, რომ პროტესტი გატყდეს, მაგრამ საზოგადოება ხვდება, რომ „რაც მერე შეიძლება მოხდეს, ბევრად უარესი იქნება“.
„ფინანსური ჯარიმები და ძალადობა, რასაც „ქართული ოცნება“ მიმართავს ხოლმე, იქითკენაა მიმართული, რომ პროტესტი გატყდეს, ადამიანებს შეეშინდეთ, მაგრამ საზოგადოებაში, მგონი ყველა, ვინც სახელმწიფოს მიტაცების მცდელობას ეწინააღმდეგება, ხვდება, რომ რაც მერე შეიძლება მოხდეს, ბევრად უარესი იქნება. თუ “ქართულ ოცნებას” გაუვიდა სახელმწიფოს უზურპაციის მცდელობა, ამ ძალადობას, თავგასულობას, თვითნებურობას, ვერაფერი დაუდგება წინ და ნებისმიერი ადამიანის კარგზე ნებისმიერ დროს შეეძლებათ დააკაკუნონ ადამიანებმა, რომლებიც არც პოლიციელები არიან, არც არანაირი კანონით მოქმედებენ და მათ რაღაცები მოსთხოვონ. ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ სახელმწიფო დავიბრუნოთ, რადგან დღეს სახელმწიფო წართმეული გვაქვს“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებულ და დაინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მმართველი პარტია ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ყველაფრისთვის მზად არიან.
„მათი გადაწყვეტილებები არის მათი კომუნიკაციის სტრატეგია. ცდილობენ, ყველას გვაჩვენონ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ ქვეყანაში ავტორიტარიზმის ჩამოსაყალიბებლად; არიან ყველაფრისთვის მზად; მიიღებენ ყველა საკანონმდებლო, სამართლიან თუ უსამართლო ნორმას, რათა მოაშთონ და მოსპონ სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია საქართველოში და გაიადვილონ რეპრესიები, რომელსაც ისედაც ეწევიან. ეს არის ერთი მხრივ მათთვის ერთგვარი გასამართლებელი საფუძვლის შექმნა, შიგნით რომ შეეძლოთ თქვან, კანონს ვასრულებთო, მეორე მხრივ კი არის კომუნიკაციის საშუალება ჩვენს მხარესთან: ნახეთ, ყველაფერს მივიღებთ და არაფერზე არ დავიხევთ. არ მაქვს იმედი, რომ შეძლებენ რომ რაიმე სხვანაირად დაინახონ, მაგრამ, ხვალ რომ აღმოჩნდნენ ძალაუფლების გარეთ (დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება) და მოუწევთ იმ კანონებით ცხოვრება, რომელსაც იღებენ, მგონი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
რაც შეეხება პროცესებში ოპოზიციის ჩართულობას, ლევან ცუცქირიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მიმართ საზოგადოების ნდობის დეფიციტია და გამოსავალი „პოლიტიკური პარტიების ახლებურად ორგანიზება და კოორდინაციაა“.
„არ აქვს მნიშვნელობა რატომ, მაგრამ ასე მოხდა, რომ ოპოზიციამ ქართველი ამომრჩევლების ნდობის მანდატი მიიღო, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სინამდვილეში „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. შიდა ოპოზიციურ საკითხებს რაც შეეხება, ბუნებრივია, იმ პირობებში, როდესაც ოპოზიციური პარტიის წევრობა არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო საქმიანობა, ოპოზიციური პარტიები არიან გარკვეულწილად სუსტები, ასევე, ბევრი ოპოზიციური პარტიების არათანმიმდევრულობამ წლების განმავლობაში მოიტანა ის, რომ ნდობის დეფიციტი არსებობს. აქედან გამოსავლის ერთ-ერთი მთავარი გზა არის პოლიტიკური პარტიების ახლებურად ორგანიზება, კოორდინაცია. საზოგადოების მიმართ, რომელიც ამბობს, მე არ მომწონს პოლიტიკური პარტიები, რომელიც დღეს გვყავს, ჩემი მოწოდება იქნება, რომ პოლიტიკური პარტიების შეცლის ერთადერთი გზა არსებობს, მასში უნდა გაწევრიანდე. მაგალითად, ჩვენ “თავისუფლების მოედანი” ახალი პოლიტიკური მოძრაობა ვართ. ადამიანებს შეუძლიათ მოვიდნენ, მხარი დაგვიჭირონ, გაწევრიანდნენ და შევქმნათ ისეთი პარტია, როგორიც მათ უნდათ რომ იყოს. მესმის კრიტიკა და ხშირ შემთხვევაში, დასაბუთებული. მაგრამ ყველაზე კარგი გზა, რათა პოლიტიკაში რაიმე შეცვალო, პოლიტიკურად უფრო აქტიური და ორგანიზებული გახდე“, – განაცხადა ცუცქირიძემ.
