ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, მაიკ ჯონსონი აცხადებს, რომ უკრაინისთვის კიდევ ერთი დაფინანსების კანონპროექტის მიღების სურვილი არ არსებობს.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ამისთვის მადა არ არსებობს”, – განაცხადა ჯონსონმა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, შესაძლებელია, თუ არა უკრაინისთვის დაფინანსების სხვა კანონპროექტის მიღება, თუ ომის დასრულებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
„ჩვენ უნდა მივიყვანოთ ომი დასასრულამდე და შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებსაც ესმით ამის აუცილებლობა. ის ძალიან დიდხანს გაჭიანურდა. ჩვენ უნდა დავასრულოთ კონფლიქტი. პრეზიდენტი ტრამპი მართალია. დროა ომი დასრულდეს და ტრამპი არის ძალა, რომელსაც ამის გაკეთება შეუძლია“, – აღნიშნა ჯონსონმა.
მისი თქმით, ტრამპს სივრცე სჭირდება უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შუამავლობისთვის და ზელენსკის პრეტენზია, რომ უკრაინა საუდის არაბეთში შეხვედრაზე მიწვეული არ იყო, არასწორია.
„ტრამპი ცდილობს შეიქმნას პირობები ამ რეალური მოლაპარაკებისთვის, მოლაპარაკება მოხდეს და უნდა მივცეთ მას საშუალება გააკეთოს ის, რასაც აკეთებს“, – აღნიშნა ჯონსონმა.
