„ტვირთნაკადმა, ახალი მიმართულებები იპოვა“ – რატომ შემცირდა საქართველოზე გამავალი ტრაილერების რაოდენობა

„ტვირთნაკადმა, რომელსაც ველოდებოდით, რომ საავტომობილო გადაზიდვებით წამოვიდოდა, ახალი მიმართულებები იპოვა“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორმა, პაატა ცაგარეიშვილმა განუცხადა.
საუბარია, საქართველოს ტერიტორიაზე გატარებული სატვირთო ავტომობილების რაოდენობის შემცირებაზე და აქედან, ქვეყნის ბიუჯეტში შესულ თანხაზე. უფრო კონკრეტულად, ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2024 წელს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2.565 მლნ ლარით შემცირდა. ხოლო, 2024 წლის განმავლობაში საქართველოს დერეფანი 512 665-მა სატვირთომ გადაკვეთა, 2023 წელს კი 519 996 ტრაილერმა.
პაატა ცაგარეიშვილი ამბობს, რომ სატვირთო ავტომობილებით გადაზიდვების შემცირებას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომელთა შორის არის, ტარიფები, საბაჟო პროცედურების ტემპი და რაც ყველაზე მთავარია, კასპიის ზღვის მიმართულებით, საბორნე გადაზიდვების გააქტიურება.
„სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისამდე, წინა წლის იგივე პერიოდებთან შედარებით, დინამიკა მზარდი იყო. ამიტომ, ვერ ვიტყვით რომ შემცირების ტენდენცია მთელი წელი მიმდინარეობდა. მერე დაიწყო შემცირება, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, ტვირთნაკადმა, რომელსაც ველოდებოდით, რომ საავტომობილო გადაზიდვებით წამოვიდოდა, ახალი მიმართულებები იპოვა. პირველ რიგში, ის დაბრუნდა ჩრდილოეთის მიმართულებით. ჩვენ საპროგნოზო გათვლებს რომ ვაკეთებდით, ვვარაუდობდით, რომ ყოველ წელს 10-12%-იანი ზრდა გვექნებოდა, რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ. 2022 წელს გვქონდა კიდეც საგრძნობი ზრდა, რაც მომდევნო წლებშიც რომ გაგრძელებულიყო, საკმაოდ კარგი დინამიკა იქნებოდა. მაგრამ ეს ვერ განვითარდა, რადგან მასზე იმოქმედა რამდენიმე პარამეტრმა. პირველი, ის რომ, გატარების ფასი ძალიან მაღალია, 350 ლარია. მეორე, მე მაქვს გადამზიდავებთან ხშირი კონტაქტი და როგორც ისინი ამბობენ, საბაჟო პროცედურები არის გაწელილი, ხშირ შემთხვევაში მებაჟეები ინერტულად იქცევიან და დიდი დრო სჭირდება ტვირთის გადაზიდვას. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი, თურქეთიდან, ცენტრალური აზიის მიმართულებით არაქართველმა გადამზიდავებმა შეარჩიეს უკვე სხვა მიმართულებები, პირობითად, თურქეთიდან საბორნე გადასასვლელი, ს გავლით დაიწყეს ცენტრალური აზიის გავლით გადაზიდვების განხორციელება. ანუ, ერთობლიობაში გარკვეულმა პრობლემებმა, ღირებულებებმა, საბაჟო პროცედურებმა აიძულა გადამზიდავი დაბრუნებულიყო ისევ ჩვეულ მარშრუტებზე. სწორედ ამიტომ არ მოხდა იმ ზრდის შენარჩუნება, რომელსაც ჩვენ ვვარაუდობდით“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
თუმცა გამოსავალზე საუბრისას, სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ პრობლემების სპექტრი საქართველოს ტერიტორიაზე არ არის.
„საკითხების სპექტრი არ არის საქართველოს ტერიტორიაზე. უფრო კასპიის ზღვასთან მიმართებით არის, სადაც ყაზახური და აზერბაიჯანული მხარე ბორნებს ამატებს. ამიტომაც, საქართველოს მონაკვეთზე პრობლემა ნაკლებად არის. რაც შეეხება ტარიფს, თან საკმაოდ მაღალია (350 ლარი), თუმცა გამორიცხულია მისი შემცირება. მე ფიქრობ, ამ წელს ჯერ კიდევ უნდა დავაკვირდეთ, რომ დასკვნა და პროგნოზი გავაკეთოთ“,- ამბობს პაატა ცაგარეიშვილი.
www.bpn.ge