ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის ფონზე უცხოელმა ტურისტებმა ჯავშნები მასიურად გააუქმეს. არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებს ბიზნეს სექტორი არ მალავს. გაუქმებული ჯავშნები უარყოფითად აისახა ტურიზმის ყველა სექტორზე. ,,კომერსანტი“ დაინტერესდა რა გავლენას მოახდენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარება საქართველოს რეპუტაციაზე. რა ზიანს მიიღებს საქართველო როგორც ბრენდი და რა მასშტაბის შეიძლება იყოს ეს? ამ კითხვებით ჩვენ კომპანია ,,LIVE Branding”-ის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ალექსი ჩიქოვანს მივმართეთ. ის ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენები ტურისტებისთვის შემაფერხებელი არ იქნება და ისინი საქართველოში მაინც ჩამოვლენ, თუმცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა შესაძლოა შემცირდეს. რაც შეეხება ქვეყნის რეპუტაციას, ალექსი ჩიქოვანი ამბობს, რომ ეს არ არის ის პერიოდი, რომელშიც ქვეყნის იმიჯი შეიძლება შელახოს ან გამყარდეს.
,,არ მგონია, რომ ტურისტი შეაფერხოს ამ ყველაფერმა. პოლიტიკურ ნაწილში თუ ავიღებთ ბრენდს საქართველოს და დასანქცირებას გავითვალისწინებთ, რა თქმა უნდა, დასავლეთის თვალში პრობლემები ექმნება. ტურიზმის თვალსაზრისით არ მგონია, რომ რადიკალური ცვლილება გამოიწვიოს. ერთადერთი არეულობა თუ დაიწყება, ამან შეიძლება შეაფერხოს ადამიანების შემოდინება. ტურისტების შემოსვლის სიმცირე არის. სანამ გამოსვლები იყო და პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ხდებოდა შეხლა-შემოხლა ამან რა თქმა უნდა შეაშინა ადამიანები და აღარ ჩამოვიდნენ. რეპუტაციაზე ზემოქმედება მეორე საკითხია. ეს ყველაფერი როგორ აისახება საქართველოზე, როგორც მიმართულებზე და ქვეყნის რეპუტაციაზე ეს რთული საკითხია. გამოჩნდება. იმიტომ, რომ ეს არ არის ის ვადა, რომელშიც შეიძლება ქვეყნის რეპუტაცია ან დაინგრეს ან აშენდეს. გააჩნია როგორ წარიმართება მოვლენები.”- აცხადებს ალექსი ჩიქოვანი.
კომპანია ,,LIVE Branding”-ის დამფუძნებელს ზაფხულის ტურისტული სეზონის პროგნოზირება უჭირს. უნდა ველოდოთ თუ არა აქტიურ ტურისტულ სეზონს?- ამ კითხვაზე ის გვპასუხობს, რომ ყველაფერი დემონსტრაციების მასშტაბურობასა და ხელისუფლების რეაგირებაზეა დამოკიდებული, რადგან ვინც ზაფხულის დასვენებას გეგმავს ახლა დაკვირვების რეჟიმშია.
,,ყველაფერი დამოკიდებულია როგორ განვითარდება მოვლენები. გააჩნია, რა ფაზაში იქნება დემონსტრაციები. რა რეაგირება ექნება ხელისუფლებას, თუმცა პატარა ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ვინც გეგმავდა ზაფხულს, ახლა უყურებს მოვლენებს, რაც ხდება საქართველოში და შეიძლება თავი შეიკავოს.”- აცხადებს ალექსი ჩიქოვანი.
რაც შეეხება ბიზნეს სექტორს, ბრენდინგისა და მარკეტინგის სპეციალისტი აცხადებს, რომ ქართული ბიზნესი არჩევნების პერიოდში ყოველთვის შენელებულია და მოვლენების დაკვირვების რეჟიმში იმყოფება. თუმცა, არჩევნების შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა მათი პასიურობა კიდევ უფრო გაახანგრძლივა.
„ქართული ბიზნესი ნებისმიერი არჩევნების დროს გადადის მოლოდინის რეჟიმში. მძაფრ მოძრაობებს არ აკეთებენ. ცნობილი ფრაზაა „არჩევნებს დაველოდოთ, არჩევნები გადავაგოროთ“. არჩევნების მერე მოხდა ეს პოლიტიკური რყევები. რა თქმა უნდა შეფერხებულია. მე პირადად შეკვეთები ბრენდინგზე ჯერჯერობით არ მაქვს. ადამიანები ელოდებიან როგორ განვითარდება მოვლენები და რა იქნება. ქართული ბიზნესი გაჩერებული არ არის, მაგრამ შენელებულია.”- აცხადებს ალექსი ჩიქოვანი.
