გაუფასურებული პესო და შესაძლო იმპიჩმენტი – არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის კრიპტოსკანდალი

არგენტინის ლიბერტარიანელი პრეზიდენტი, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული სკანდალში გაეხვა. საქმე ეხება ნაკლებად ცნობილ ციფრულ ვალუტას – $LIBRA-ს, რომელიც მილეიმ X-ზე დაარეკლამა.
14 თებერვალს, მილეიმ პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც $LIBRA-ს პროექტი დადებითად შეაფასა და ინვესტორებს მისი შესყიდვისკენ მოუწოდა. მალევე კრიპტოვალუტის ფასი მკვეთრად გაიზარდა, თუმცა რამდენიმე საათში არგენტინის ლიდერმა პოსტი წაშალა. ამის შემდეგ, $LIBRA-ს კურსი კატასტროფულად დაეცა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა.
მილეიმ განმარტა, რომ მას პროექტის დეტალები არ ჰქონდა შესწავლილი და შეცდომა დაუშვა. მიუხედავად ამისა, ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოებისა და ოპოზიციის დასაწყნარებლად.
აღნიშნულმა ინციდენტმა არგენტინაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ოპოზიციონერი დეპუტატები პრეზიდენტს თაღლითობაში ადანაშაულებენ და პარლამენტს სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვენ. რამდენიმე მათგანმა უკვე წამოაყენა მილეის იმპიჩმენტის მოთხოვნა.
ამასთან, ფედერალურმა მოსამართლემ მარია სერვინიმ ოფიციალურად დაიწყო გამოძიება, რათა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს რაიმე პირადი სარგებელი $LIBRA-ს რეკლამირებით. სასამართლოში ასობით საჩივარია შესული, მათ შორის, შეერთებული შტატებიდანაც.
სკანდალის ფონზე, არგენტინის ფინანსურ ბაზრებზე კრიზისია. ქვეყნის ძირითადი საფონდო ინდექსი S&P Merval 5.6%-ით დაეცა, ხოლო ეროვნული ვალუტა- პესო დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან და მილეის ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ ნდობა იკლებს.
სკანდალის შემდეგ, ექსპერტების ნაწილი თანხმდება, რომ საჯარო პირების მიერ ფინანსური აქტივების რეკლამირება მკაცრ კონტროლს უნდა დაექვემდებაროს.
რაც შეეხება მილეის, მისი პრეზიდენტობის დასაწყისი უკვე საკმაოდ სკანდალურია, თუმცა, ეს სკანდალი შესაძლოა მისი ადმინისტრაციის მომავლისთვის, გადამწყვეტი აღმოჩნდეს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკური კრიზისი და საზოგადოებრივი უკმაყოფილება უკვე საკმაოდ მაღალია.