აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეაჩერა ყველა ჰუმანიტარული საიმიგრაციო განაცხადის განხილვა, რომლებიც უკრაინისა და ლათინური ამერიკის ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ აშშ-ში შეტანილი. ამის შესახებ CBS News იტყობინება აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურზე (USCIS) დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია „თაღლითობისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის მუქარის ეჭვის“ გამო.
გაიყინება რამდენიმე პროგრამა, რომლებიც აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს შემოიღეს. პირველ რიგში საქმე შეეხება პროგრამას „ერთობა უკრაინისთვის“, რომელიც უკრაინელი ლტოლვილების დასახმარებლად შეიქმნა. ამ პროგრამით აშშ-ში ჩავიდა 240 ათასამდე უკრაინელი. ასევე გაიყინა პროგრამა CHNV, რომელმაც აშშ-ში შესვლის საშუალება მისცა 530 ათას კუბელს, ჰაიტელს, ნიკარაგუელსა და ვენესუელელს. ასევე პროგრამა, რომელიც ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ნათესავები ჰყავთ აშშ-ში, საშუალებას აძლევდა ქვეყანაში შესულიყვნენ და მწვანე ბარათები მიეღოთ ოჯახების გაერთიანების გზით.
როგორც CBS News აღნიშნავს, გადაწყვეტილება შეეხება ადამიანებს, რომლებიც უკვე იმყოფებოდნენ აშშ-ის ტერიტორიაზე და დაწყებული ჰქონდათ ქვეყანაში კანონიერად დარჩენისთვის საჭირო დოკუმენტების მიღების პროცესი. USCIS-ის შიდა განკარგულების თანახმად, ამ ადამიანებისგან სხვა საიმიგრაციო უპირატესობების შესახებ განაცხადებსაც კი არ მიიღებენ.
გაყინვა ძალაში დარჩება განუსაზღვრელი ვადით, სანამ USCIS განახორციელებს პროგრამებისა და მათი მონაწილეების ყოვლისმომცველ მიმოხილვას.
20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა სამხრეთ საზღვარზე და დახურა CBP One – ოფიციალური მობილური აპლიკაცია, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციამ შემოიღო და რომელიც თავშესაფრის მაძიებლებს საშუალებას აძლევს, რიგში ადგილი მოითხოვონ მექსიკიდან აშშ-ში საზღვრის გადასაკვეთად. აპლიკაციას აშშ-ში შესასვლელად იყენებდნენ ასევე მიგრანტები მრავალი ქვეყნიდან, მათ შორის ყოფილი საბჭოთა კავშირიდან. საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.
