“ჩვენ ვდგავართ კართან ევროპულ ცივილიზაციასთან მჭიდრო, თანასწორუფლებიანი, სამართლიანი ურთიერთობის დასაწყებად და უზარმაზარი ტრაგედია იქნება ჩვენი ქვეყნისათვის, კულტურისათვის, ჩვენი წარსულისთვის, აწმყოსა და მომავლისთვის, თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას ვერ გამოვიყენებთ”, – ამბობს საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი, მალხაზ სონღულაშვილი. თბილელი მიტროპოლიტი ამბობს, რომ ევროპაა სწორედ ის ადგილი და ის სისტემა, სადაც არავინ არავის არაფერს ართმევს, მით უფრო იდენტობასა და კულტურას, და ესაა ის სივრცე, სადაც ქართველებს თავისუფლად შეეძლებათ საკუთარი ღირებულებებით ცხოვრება. ის ვაშინგტონში რელიგიური თავისუფლების სამიტს დაესწრო და “ამერიკის ხმას” ქვეყანაში მიმდინარე პროტესტის, ნამდვილი მშვიდობის, სამართლიანობის, ახალგაზრდების მოთხოვნების, რელიგიური და სამოქალაქო თავისუფლების, რუსული ეკლესიის გავლენის და სხვა ბევრი თემის შესახებ ესაუბრა.
– თქვენ ვაშინგტონში რელიგიის თავისუფლების სამიტს დაესწარით და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრებიც გქონდათ. რა უთხარით ამ სამიტზე და შეხვედრებზე შეკრებილ უცხოელ კოლეგებს საქართველოში რელიგიური თავისუფლების შესახებ?
– ეს სამიტი, რომელიც ტრადიციულად ვაშინგტონში იმართება, არის მნიშვნელოვანი ფორუმი, სადაც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს და ამავდროულად აქვთ შესაძლებლობა დაელაპარაკონ ვაშინგტონში იმ ადამიანებს, ვინც ყურადღებას აქცევს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების საკითხს. აქ არიან ექსპერტები, ადამიანები, რომლებსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვთ რელიგიური თავისუფლების დაცვაში. ამ გამოცდილების გაზიარება, მათთან ურთიერთობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ჩვენ მსგავსი შეხვედრებიდან ვღებულობთ.
ეს სამიტი ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, 600-ზე მეტი ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გვქონდა შესაძლებლობა ძალიან ფასეული ურთიერთობისა და აზრების გაცვლისა. რა თქმა უნდა, საქართველო ყურადღების ცენტრშია მოქცეული, ისევე როგორც ბევრი სხვა ქვეყანა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზეა და წარმოადგენს რუსული აგრესიის საფრთხის [სამიზნეს], შესაბამისად იყო ყურადღება უკრაინის, საქართველოს, სომხეთის მიმართ და სხვა ქვეყნების მიმართ ამ მხარეში.
– თქვენ რა გამოწვევებზე ისაუბრეთ?
– საკითხები, რომლებზეც ვმსჯელობთ, რა თქმა უნდა, დაკავშირებულია იმ საფიქრალთან, სადარდებელთან, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ეს სადარდებელი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყოვლისმომცველია. როდესაც საზოგადოების ერთი რომელიმე თემი, სეგმენტი კარგავს თავისუფლებას, ეს გავლენას ახდენს ყველაზე. გამონაკლისი არაა საზოგადოების რელიგიური სეგმენტიც, რომლისთვისაც ამ ე.წ. რუსული კანონის არსებობა წარმოადგენს მისი თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს, გარდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომელთა არსებობაც, თავისუფლებაც საფრთხის ქვეშ იმყოფება ამ კანონმდებლობის გამო.
– როგორ უქმნის ის საფრთხეს რელიგიურ თავისუფლებას ქვეყანაში?
მე ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა მოუწოდონ ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდობიანი, სამართლიანი ცვლილებისთვის ქვეყანაში.
– რელიგიას რამდენიმე განზომილება აქვს. ერთი წმინდა ლიტურგიულ-რიტუალური პასუხისმგებლობაა და მეორე არის პასუხისმგებლობა ადამიანებთან. უამრავი რელიგიური ორგანიზაცია, რელიგიური გაერთიანება საქართველოში დაკავებულია ამ პასუხისმგებლობით, რომელიც გულისხმობს სოციალურ სამსახურს ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენ ღარიბი ქვეყნის შვილები ვართ. ადამიანების დასახმარებლად, საჭიროა სახსრების მოზიდვა, მათი განაწილება, დახმარება იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს სჭირდება. თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაცია ამ საქმითაა დაკავებული. სწორედ იმის გამო, რომ რელიგიური ორგანიზაციები ღებულობენ სახსრებს გაჭირვებულების დასახმარებლად, ისინი ვალდებულნი არიან გამოაცხადონ თავი უცხოური გავლენის აგენტებად. რაც სრულებით უსამართლოა, რადგან ეს ორგანიზაციები ემსახურებიან ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. სხვა არავის კეთილდღეობაზე, სხვა არავის ინტერესების გატარებაზე ისინი არ მუშაობენ. შესაბამისად, გარდა სხვა უამრავი სპექტრისა, ეს გავლენას ახდენს რელიგიურ სპექტრზეც.
– მაშინ, როდესაც სწორედ ამ „უცხოური ინტერესების გამტარებლის“ იარლიყს აპროტესტებდნენ განსაკუთრებით მწვავედ ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ სხვები, კონკრეტულად რელიგიური უმცირესობების კონტექსტში დამატებით რა სიმწვავეს სძენს ამ კანონის გავლენა იმ პრობლემას, რომ საზოგადოების ნაწილში ისედაც შეიძლება იყოს ამ გაერთიანებების თუ უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობა, მიუღებლობა, „ჩვენ“ და „სხვად“ დაყოფა და ა.შ. ხომ არ ამძიმებს დამატებითი იარლიყი ამ უარყოფით დამოკიდებულებას რელიგიური უმცირესობების მიმართ?
– რა თქმა უნდა, აბსოლუტურად. ამ კონფერენციის ფარგლებშიც, რომელსაც აქ ვესწრებოდი, არაერთხელ ითქვა, რომ რელიგიური თავისუფლება არის ადამიანის უფლებათა უფლება. როცა ადამიანის უფლება იზღუდება, ეს გავლენას ახდენს ასევე ადამიანის უფლებათა უფლების, რელიგიური თავისუფლების არსებობასა და მოქმედებაზე ნებისმიერ ქვეყანაში. შესაბამისად, როდესაც იზღუდება ამა თუ იმ ორგანიზაციების თავისუფლება, იზღუდება რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლებაც. ამას განსაკუთრებით მძაფრად განიცდიან რელიგიები, რომლებიც სულითა და გულით, უანგაროდ ემსახურებიან სიღარიბის ზღვარზე მყოფი ადამიანების კეთილდღეობას საქართველოში. ასეთები ბევრნი არიან… ესაა კიდევ ერთი დამატებითი იარლიყი, რაც მათ დისკრიმინაციულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
– თქვენ 26 ოქტომბრის არჩევნების წინ მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდეთ. თქვით, რომ ქვეყნის მომავალი, ეკონომიკური განვითარება, პოლიტიკური ორიენტაცია და თავისუფლება, ადამიანის ღირსება, უფლებები და თავისუფლებები იდო სასწორზე და 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს შეადარეთ მნიშვნელობით. ამბობდით, რომ საქართველოს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს, გახდეს დიდი ცივილიზებული, განათლებული, კულტურული საზოგადოების წევრი, ევროკავშირის მეშვეობით. რატომ ჩათვალეთ საჭიროდ ასეთი მოწოდების გაკეთება და როგორ ფიქრობთ, გააკეთა უმრავლესობამ ეს არჩევანი?
– მე ვფიქრობ, პირველ რიგში, რომ ყველა რელიგიისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ ვემსახურებით ადამიანს, ადამიანის კეთილდღეობას, ადამიანის თანასწორობას და თავისუფლებას. შესაბამისად, არჩევანი რომელსაც ადამიანი აკეთებს პოლიტიკური არჩევნების დროს გავლენას ახდენს მის თავისუფლებაზე და მის არსებობაზე. შესაბამისად, მე ჩავთვალე და დღესაც ვთვლი, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სასულიერო პირებმა მოუწოდონ ადამიანებს, გააკეთონ არჩევანი მშვიდობიანი, სამართლიანი ცვლილებისთვის ქვეყანაში.
სამწუხაროდ ხელისუფლებას დღეს ახალგაზრდობის ხმა არ ესმის. ახალგაზრდობა, რომელსაც უყვარს თავისი სამშობლო, რომელსაც უნდა თავისუფლება თავისი სამშობლოსთვის, დემოკრატიული საზოგადოების განვითარება.
როგორი არჩევანი გააკეთა უმრავლესობამ, ამის თქმა ჩემთვის ძალიან ძნელია. მაგრამ ცხადია, რომ ჩვენთვის, ყველასთვის ცნობილია, რომ არჩევნების ბედი არის დავისა და კამათის საგანი საქართველოშიც და მის ფარგლებს მიღმაც. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას ადრე თუ მალე მოუწევს ხელახალი არჩევანის გაკეთება, რომელიც იქნება თავისუფალი და სამართლიანი. ამ ორი კომპონენტის გარეშე შეუძლებელია არჩევანი იყოს გამართლებული, და იყოს გამომხატველი იმ ნებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ან ნებისმიერ ქვეყანას აქვს, ნებისმიერი არჩევნების დროს.
– მაშინაც თქვით, რომ ევროპა არის ცივილიზაციის, განათლებისა და კეთილდღეობის მომტანი ქვეყნის მომავლისთვის. არჩევანი, რომელსაც შეუძლია ეს მოიტანოს. მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიისას ბევრ საუბრობდნენ ქრისტიანობაზე, ტრადიციებზე, რომ სწორედ ასეთი ღირებულებების დამცველი ევროპის ნაწილად ყოფნა სურთ, და არა ისეთი ევროპის, რომელიც ქართველებს საკუთარ იდენტობაზე უარის თქმას მოსთხოვს, ან აიძულებს. ბევრი იყო საუბარი ოჯახის, ქორწინების, სექსუალური ორიენტაციის თუ ეთნიკურ-რელიგიური იდენტობისთვის მათი შეფასებით იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება მოიტანოს დასავლურმა ინტეგრაციამ. თქვენ როგორ ხედავთ ქრისტიანობასა და ტრადიციებზე წინასაარჩევნო კამპანიისას ამ ჭრილში საუბარს და იმას, რომ თითქოს ევროინტეგრაცია ამ ყველაფერს რაიმე საფრთხეს უქმნის?
– ევროპულ ინტეგრაციას ჩვენ პირადად ვუჭერთ მხარს სწორედ იმის გამო, რომ ეს ჩვენს ხალხს, კულტურას მისცემს შესაძლებლობას, ძალდატანების, რაიმე იდეოლოგიის თავს მოხვევის გარეშე განავითაროს თავისი შესაძლებლობები და წვლილი შეიტანოს მსოფლიო კულტურის განვითარებაში.
ჩვენ გვყავს შესანიშნავი ახალგაზრდობა, მსგავსი რომ არასდროს გვყოლია. ჩვენს ქვეყანას ამ ახალგაზრდობის მეშვეობით შეუძლია უზარმაზარი წვლილი შეიტანოს ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში. არავინ არავის არაფერს ართმევს ევროპაში. ევროპა ჩვენ იმიტომ გვინდა, რომ ეს არის სისტემა, გარემო, რომელიც თავს არაფერს გახვევს და არაფერს გართმევს.
ოჯახურ სიწმინდეს რაც შეეხება, აქ, როგორც წესი, ერთადერთ რამეს გულისხმობენ, ოჯახური სიწმინდე ფართო ცნებაა, მისი დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. აქ იგულისხმება ოჯახში სამართლიანი, კეთილგანწყობილი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის გამყარება. ასე უნდა იყოს აღქმული ოჯახური კეთილდღეობა, ოჯახური სიწმინდე, რომლის მოწინააღმდეგეც, რაღა თქმა უნდა, ევროპული ცივილიზაცია არ არის. არავინ არავის არაფერს ართმევს.
ის აძლევს ნებისმიერ კულტურას, მათ შორის ჩვენს კულტურასაც შესაძლებლობას, რომ განვითარდეს და ეს არის გზა, რომელიც დიდი ხნის წინ აირჩია ქართულმა ორიენტაციამ. ხშირად ამბობენ, და ვფიქრობ, უნდა დავეთანხმო, რომ ქრისტიანობის არჩევაც, როგორც რელიგიის ქვეყნისათვის, იყო სწორედ დასავლური, ევროპული ცივილიზაციისკენ სწრაფვის ერთ-ერთი პირველი მერცხალი და გამოვლინება. მე-16 საუკუნიდან საგანგებოდ გაძლიერდა ჩვენი სწრაფვა დასავლურ ცივილიზაციასთან ურთიერთობისათვის: მეფე ვახტანგ მე-6, სულხან-საბა, მისი დესპანი დასავლეთ ევროპაში ამ მიზნებს ემსახურებოდნენ.
