“ტვ პირველის” განცხადებით, თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე (ელბაქიძის დაღმართი) მათი ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი გაიტაცეს. არხის ცნობით, ოპერატორი შავ ნიღბიანმა პირებმა აიყვანეს.
შემთხვევის ამსახველი ვიდეო ფეისბუკზე თვითმხილველმა ქეთი წულუკიძემ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა, სახედაფარულმა, დაახლოებით, ათამდე პირმა, ლაშა ჯიოშვილი მანქანაში ჩასვეს. ერთ-ერთმა მათგანმა თქვა, რომ პოლიციიდან არიან.
კიდევ ერთი თვითმხილველის, თაკო ხელაძის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ვინაობის კითხვის შემდეგ, ლაშა ჯიოშვილი ამბობს ფრაზას: “რაღაცას მიდებენ ჯიბეში”.
თვითმხილველი ქეთი წულუკიძე “ტვ პირველთან” საუბარში ჰყვება, რომ პროევროპული საპროტესტო აქციიდან წამოსვლის შემდეგ, დაინახეს, როგორ მირბოდა დროშიანი ბიჭი და როგორ მისდევდა მას მინიმუმ 10 ადამიანი.
“დროშით მივხვდით, რომ ვიღაც ჩვენიანს მისდევდნენ, გავაჩერეთ მანქანა და დავიწყეთ გადაღება. თავიდან პასუხს არ გვცემდნენ, არცერთს არ ეცვა პოლიციის ფორმა, რომ დაგვინახეს ვიღებდით, გაიკეთეს ნიღბები, ერთ-ერთი სახე, რომელიც ამბობს, რომ პოლიცია ვართო, დავაფიქსირეთ. ჩატენეს მანქანაში და წაიყვანეს ეს ბიჭი”, – ამბობს ის.
“ტვ პირველის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის თქმით, მათთვის უცნობია, სად ჰყავთ გადაყვანილი ლაშა ჯიოშვილი.
“შინაგან საქმეთა სამინისტრო მალავს, სად ჰყავთ გადაყვანილი ტვ პირველის, ახალი ამბების სამსახურის ოპერატორი. იზოლატორებში ამბობენ რომ იქ არ არის. არ გვეუბნებიან ჩვენ, უმალავენ სახალხო დამცველს”, – წერს მელაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ ლაშა ჯიოშვილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არის დაკავებული, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ფორუმი




