კასპიის მილსადენის კონსორციუმზე თავდასხმამ ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება 30%-ით შეამციროს – „როსნეფტი“

კასპიის მილსადენის კონსორციუმის (კმკ) რუსული აქციონერის, კომპანია ტრანსნეფტის განცხადებით, ნავთობის გადამტანი სადგური კროპოტკინსკაია კრასნოდარის მხარეში 17 თებერვალს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად „სერიოზულად დაზიანდა“, რამაც შესაძლოა ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირება 30%-ით შეამციროს.
კომპანიის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა სახურავი, დახურული განაწილების მოწყობილობა, გაზის ტურბინის დანადგარი, ასევე კაბელები და კაბელის ესტაკადა, წყალსაცავი, განადგურდა ორი ტრანსფორმატორი, ფილტრები და ტურბინის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა.
კონსორციუმის სპეციალისტების აზრით, სადგურის შეკეთებას დაახლოებით 2 თვე დასჭირდება. აღდგენითი სამუშაოების პერიოდში შესაძლოა 30%-ით შემცირდეს ყაზახეთიდან ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა – ნათქვამია განცხადებაში.
ამას გარდა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სადგურის ექსპლუატაცია დროებით შეჩერდა და თენგიზი-ნოვოროსიისკის მილსადენით ნავთობის გადატანა ალტერნატიული გზით ხდება. განცხადებაში ნათქვამია, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის საზღვაო ტერმინალი ნედლეულის საექსპორტო სამუშაოებს ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
აქამდე კრასნოდარის მხარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 17 თებერვლის ღამეს რეგიონზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, დარტყმის ობიექტები იყო ილსკის ქარხანა და ნავთობის გადამტანი სადგური კროპოტკინსკაია.
კასპიის მილსადენის კონსორციუმი საერთაშორისო ნავთობტრანსპორტირების კომპანიაა, რომელიც აერთიანებს ს, ყაზახეთის, -სა და რიგი დასავლური ქვეყნების საწვავისა და ენერგეტიკის უმსხვილეს კომპანიებს.
კასპიის მილსადენის კონსორციუმის ძირითადი ამოცანაა ყაზახეთის საბადოებიდან ნავთობის ტრანსპორტირება კასპიის მაგისტრალური მილსადენით, რომლის სიგრძე 1500 კილომეტრზე მეტია. ის აკავშირებს ყაზახეთის ნავთობის საბადოებს ნოვოროსიისკის საზღვაო ტერმინალთან.
კროპოტკინსკაია არის კმკ-ს უდიდესი ნავთობის გადამტანი სადგური რუსეთის ტერიტორიაზე. მისი მეშვეობით ხდება მილსადენით ნავთობის გადატუმბვა. სადგური ასევე რუსეთის მწარმოებლებისგან ნედლ ნავთობს იღებს.
2024 წელს კმკ-ს ფარგლებში ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობამ 63 მილიონი ტონა შეადგინა. ტრანსნეფტის ცნობით, ამ მოცულობის დაახლოებით 74% მოდიოდა ამერიკელ და სხვა დასავლელ ტვირთგამგზავნებზე.
tabula.ge