18 თებერვალს, 14:00 საათზე „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა გამოცემის დამფუძნებლის, დაპატიმრებული მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“ – იგი წერს, რომ ამ დღეებში ექიმების დახმარებით ეცდება კვების განახლებას.
„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, – წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისთვის გაგზავნილ წერილში.
„ახლა ბევრად ძლიერები ვართ“
„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძეს მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისთვის:
წინა დღეს, 17 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკური დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ თუ ამაღლობელი შიმშილობას არ შეწყვეტს, შესაძლოა, მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის განცხადებით, მზია ამაღლობელის მდგომარეობის სწრაფად დამძიმების რისკი დიდია.
„რეფიდინგ სინდრომი“ – მკურნალობა გრძელდება
ეთერ თურაძის მიერ მზია ამაღლობელის წერილის წაკითხვის შემდეგ, 18 თებერვალს, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს განუცხადა:
„ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან“.
„ახლა მთავარი – ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში“, – თქვა ზურაბ ჩხაიძემ და ახსენა „რეფიდინგ სინდრომის” რისკი:
„ეს არის ძალიან სერიოზული შიმშილი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან ერთად, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევას. ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებების, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები გამოიწვიოს. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ. კლინიკა ამისთვის მზად არის“, – განაცხადა ჩხაიძემ.
შიმშილობის 24-ე დღეს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მზია ამაღლობელი რუსთავის მე-5 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. 6 თებერვალს საქართველოს სახალხო დამცველმა ექიმთა ჯგუფი შექმნა მზია ამაღლობელის საქმეზე.
ჟურნალისტს, რომელსაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება პოლიციელისათვის სილის გაწვნის გამო, პოლიტპატიმრად მიიჩნევენ კოლეგები, უფლებადამცველი ორგანიზაციები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ევროკავშირი, ათობით საერთაშორისო ორგანიზაცია და არაერთი ქვეყნის მთავრობა.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი მზია ამაღლობელს უწოდებს უკანონოდ დაკავებულთა სიმბოლოს.
ამაღლობელი ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს 11 იანვარს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, რაც, იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს.




