ვაგრძელებთ ამაღლობელის მკურნალობას „რეფიდინგ სინდრომის” პრევენციისთვის – „ვივამედის“ დირექტორი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ მიესალმება „ბათუმელებისა“ და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გადაწყვეტილებას შიმშილობის შეწყვეტაზე და აცხადებს, რომ ის მკურნალობას ამ ეტაპზე კლინიკაში გააგრძელებს.
„ამ ხანგრძლივობის შიმშილობა დაკავშირებულია ძალიან დიდ რისკებთან. 30 დღის შემდეგ ყოველი დღე მოსალოდნელია სხვადასხვა ორგანოს თუ ორგანოების ფუნქციური მოშლილობები, რაც შეიძლება დაკავშირებული ყოფილიყო ძალიან ცუდ გამოსავალთან“, – განუცხადა ზურაბ ჩხაიძემ 18 თებერვალს კლინიკასთან შეკრებილ ჟურნალისტებს.
მცირე ხნით ადრე, 14:00 საათზე, კლინიკასთან „ბათუმელების“ მთავარმა რედაქტორმა ეთერ თურაძემ საჯაროდ წაიკითხა დაპატიმრებული მზია ამაღლობელის წერილი „ვივამედიდან“ – იგი წერს, რომ ამ დღეებში ექიმების დახმარებით ეცდება კვების განახლებას.
„ახლა მთავარი – ჩვენ გავაგრძელებთ მკურნალობის პროცესს კლინიკის პირობებში“, – განაცხადა „ვივამედის“ დირექტორმა და ახსენა „რეფიდინგ სინდრომის” რისკი:
„ეს არის ძალიან სერიოზული სინდრომი, რაც ვითარდება ხანგრძლივი შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ განახლებულ კვებასთან ერთად, რაც უკავშირდება სხვადასხვა მეტაბოლურ დარღვევას. ეს შეიძლება იყოს სითხის ცვლილებების, ნახშირწყლოვანი დარღვევები, ინსულინის ცვლილებები, რამაც შეიძლება სხვადასხვა ორგანოს უკმარისობები გამოიწვიოს. ამიტომ, ძალიან დიდი სიფრთხილით ჩვენ ამას დავიწყებთ. კლინიკა ამისთვის მზად არის“, – თქვა ჩხაიძემ.
მანამდე ეთერ თურაძემ წაიკითხა მზია ამაღლობელის წერილი:
„ამ დღეებში ექიმების დახმარებით შევეცდები, როგორმე შევძლო კვების აღდგენა“, – წერს მზია ამაღლობელი პატიმრობისა და შიმშილობის 38-ე დღეს კოლეგებისათვის გამოგზავნილ წერილში.
„ნეტგაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ნესტან ცეცხლაძემ მზია ამაღლობელს მადლობა გადაუხადა ამ გადაწყვეტილებისათვის:

ასევე დაგაინტერესებთ

ინგა ჩახვაშვილი: რა სადიზმია ადამიანი, ჯანმრთელობაშერყეული ყოველ პროცესზე ატარო რუსთავიდან მინიმუმ 5 საათი, 9 საათი ფეხზე იდგეს და ღამით კვლავ 5 საათი უკან გზაზე დატანჯო მშიერი, ძალაგამოცლილი. ეს არის თქვენი სახე, ქოცებო