„ისკანდერის“ დეტალები იყო მტკიცებულება, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა საომარი მოქმედებები 10 აგვისტოს, 12 აგვისტოს უკვე წინასწარ განზრახულ მშვიდობიან ქალაქზე მოხდა „ისკანდერის“ სროლა. რომ არა მისი ფრაგმენტები, ამის მტკიცება იქნებოდა რთული. ეს ფრაგმენტები, ასე „მეგობრობით“ ჰქონდათ გატანებული აშშ-სთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში 2003-2012 წლებში „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობის შესწავლის შესახებ.
შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ აშშ-ს „ისკანდერი“ გადასცა, ვინაიდან, „როგორც ჩანს, ინტერესი იყო დეტალები შეესწავლათ“. მისივე თქმით, გასაგებია, რომ „ისკანდერის“ შესწავლის ინტერესი იყო, „მაგრამ ამან არ უნდა გადაწონოს შენი ერის ინტერესი“.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიას ისტორიული პროცესი უწოდა, დაგვიანებული “ნიურნბერგის პროცესი”, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უცხოელი მფარველების გამო დღემდე ვერ შედგა ბოლომდე. მისივე განმარტებით, საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ დაინახეს ერთი რამ, თუ „როგორ დანაშაულებრივად იქცეოდა ჩვენი მაშინდელი ხელისუფლება, აგვისტოს ომის შემდეგ“.
„ჯერ საგამოძიებო კომისიამ უნდა ჩახედოს დეტალებს, მაგრამ ჩანს, რომ მინიმუმ ეს არის დანაშაულებრივი დაუდევრობა, როგორც ისინი ეპყრობოდნენ მტკიცებულებებს და შესაძლოა, ამის უკან იყოს კიდევაც განზრახვა, რომ მიეჩქმალათ ზოგიერთი დანაშაული და მეორე მხრივ, წარმოეჩინათ ისე, თითქოს საქართველოს სამხედროებსაც მიუძღოდათ წვლილი ამა თუ იმ გადაცდომებში,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
