ევროკავშირი ბოლო დროს საბჭოთა კავშირს ემსგავსება – ევროპული ბიუროკრატია ევროპისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც საქართველოსთვის „ნაციონალური მოძრაობა“, არცერთს დემოკრატიასთან საერთო არ აქვთ,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროპული ბიუროკრატიაც და „ნაციონალური მოძრაობაც“ ყოველ დღე სუსტდება და „აგენტურას კარგავს“.
„რასაც ჩვენ ვსაუბრობდით აქ, ახლა თავად საუბრობენ იქ, აშშ-ში, საიდანაც მხოლოდ თავდასხმის ნიადაგი მოედინებოდა თანაც ყოველდღე. ევროკავშირი ბოლო დროს საბჭოთა კავშირს ემსგავსება, რაც სახიფათოა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპისთვისაც. ევროპული ბიუროკრატია ევროპისთვის ისეთივე სახიფათოა, როგორც საქართველოსთვის „ნაციონალური მოძრაობა“. არცერთს, დემოკრატიასთან საერთო არ აქვთ, თუმცა, საბედნიეროდ, ორივე ყოველ დღე სუსტდება, გავლენებს კარგავს, კარგავენ აგენტურასაც. ასე დასრულდა სალომე ზურაბიშვილიც. კიდევ კარგი, რომ ამჯერად მაინც „ქართულმა ოცნებამ“ სწორად შეარჩია პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილის სახით, რომელიც უალტერნატივოდ „ხალხის ძალაში“ მოიძებნა. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სიმართლის თქმა ხმამაღლა შეძლო. ჩვენი გუნდი სიმართლის დადგენაში დაეხმარება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიასაც. სიმართლეც ბევრი იქნება და აქამდე დამალული სიმართლეც, რასაც საზოგადოება თავად ნახავს“,- განაცხადა ხუნდაძე.
მისივე თქმით, დრომ გამოაჩინა, რომ „ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა და სწორად გრძნობდა საფრთხეებს.
„ოპოზიცია ვართ არა იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ კრიტიკა სჭირდება და ამას იმსახურებს, არამედ იმიტომ, რომ მმართველ გუნდსაც სჭირდება ჯანსაღი ოპონირება, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო ხდება და ზოგჯერ აუცილებელიც. დრომ გვიჩვენა, რომ „ხალხის ძალა“ ყველაფერს სწორად ხედავდა, სწორად გრძნობდა საფრთხეებს და სწორად გადაწყვიტა, რომ ხალხისთვის მეტი სიმართლე ეთქვა. ჩვენი ქვეყნისთვის რთული და ამავე დროს, სასიცოცხლოდ სახიფათო ვითარება შეიქმნა 2022 წლის თებერვლის შემდეგ. უკრაინა დასავლეთსა და რუსეთს შორს ურთიერთობის გარკვევის ბრძოლის ველად იქცა. ამ ბრძოლაში საქართველოსაც მძიმე როლი მიაკუთვნეს და ქართულ საზოგადოებას გმირად გამოცხადებული უკრაინიზაცია შეფარულად, ერთადერთ საუკეთესო პერსპექტივად წარუდგინეს. საჭირო გახდა სასიცოცხლოდ სახიფათო ფარული გზის გამოაშკარავება, რათა ქვეყანა ბრჭყვიალა სატყუარას არ წამოჰგებოდა – ხან ევროკავშირში დროზე ადრე გაწევრიანების, ხან ნატო-ს წევრობის, ხან ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების, ხან მილიარდობით დახმარების ცრუ დაპირებით. სამწუხაროდ, ამ დაპირებებს უკრაინა წამოაგეს. მიუხედავად სისხლისმღვრელ ომში მათი უპირობო მონაწილეობისა, ვერც ევროკავშირის და ვერც ნატო-ს წევრები ვერ გახდნენ. აქამდე გაწეული დახმარება დღეს უკვე ვალად დაუთვალეს და ომში გასაწვევთა ასაკის 18 წლამდე დაწევა მოსთხოვეს. დაკარგეს ტერიტორიებიც და დაკარგეს ხალხიც. უკრაინამ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა. რისკების თავიდან აცილება მხოლოდ მეტი სიმართლით იყო შესაძლებელი და სწორედ ამიტომ შეიქმნა „ხალხის ძალა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
